მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გზა არ იწმინდება, დენი არ გვაქვს და დღეს უკვე სასმელი წყალიც გაგვითავდა" - “ტაბერნე გურიაში - აცანა"

აცანა

გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში მდებარე, აგროტურისტული ობიექტის, “ტაბერნე გურიაში - აცანას” დამფუძნებელი, კესო მახარაძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ დიდთოვლობის გამო, რეგიონში გაუსაძლისი მდგომარეობაა.

მისი ინფორმაციით, ამ წუთს რეგიონში 2 მეტრზე მეტი სიმაღლის თოვლია, მე-5 დღეა ცენტრალურ გზაზე არაფერს არ ჩაუვლია, გზა არ იწმინდება, დენი არ აქვთ და დღეს უკვე, სასმელი წყალიც გაუთავდათ.

„რეგიონში გაუსაძლისი მდგომარეობაა. დიდთოვლობის გამო კვირაზე მეტია იზოლაციაში ვართ. მიმოსვლა შეწყდა. შუქი არ გვაქვს და დღეს უკვე სასმელი წყალიც აღარ გვაქვს. არაფერი არ იწმინდება. მე-5 დღეა ცენტრალურ გზაზე არაფერს არ გაუვლია. მეზობელი მყავდა, გულით ავადმყოფი, ამ დილას ნერვიულობის ფონზე გარდაიცვალა. ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდით ამ მდგომარეობას, რაც ახლა ჩემს თავს ხდება. ამ წუთში არის ურთულესი მდგომარეობა. გადარჩენაზეა საქმე.

თუ ირგვლივ სიტუაცია არ გამოსწორდა - წყალი, დენი თუ არ იყო, წარმოუდგენელია საუბარი ტურისტული ხაზის განვითარებაზე. იცით რამდენი შრომა მაქვს ჩადებული? - არა მარტო ფიზიკური შრომა. ყველაფერი ამ ობიექტში მაქვს ჩადებული. თუმცა ახლა, ჩემი უნიკალური ნაგებობა, რომელიც ჩემი ტურისტული კონცეფციის ნაწილია, დანგრევის პირასაა“,- ამბობს აგროტურისტული ობიექტის დამფუძნებელი.

მისივე ცნობით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 40-ზე მეტი სახლია თოვლის გამო დანგრეული.

ინფორმაციისთვის, მეექვსე დღეა გურიაში სტიქიას ებრძვიან. დიდთოვლობის გამო ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები