მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ძლიერი ბიზნესის არსებობა ჩვენთვის  პრიორიტეტია" - რევაზ სოხაძე

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი და პასუხისმგებლიანი ბიზნესი, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა რევაზ სოხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

როგორც უწყება იტყობინება, რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ მთავრობის ამოცანაა, "ბიუჯეტის თითოეული თეთრი სწორად და ეფექტიანად დაიხარჯოს".

"პირველ რიგში თუ ვინმეს ინტერესშია საქართველოში ძლიერი ბიზნესის არსებობა, ეს არის სახელმწიფო, ხელისუფლება და განსაკუთრებით ჩვენი სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის მასშტაბით მსხვილი და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე.

ჩვენი ამოცანაა, რომ ბიუჯეტის თითოეული თეთრი სწორად და ეფექტიანად დაიხარჯოს. ამიტომ, ხარისხი ჩვენთვის პრიორიტეტულია. მნიშვნელოვანია, არა უბრალოდ რაღაც შენობის აშენება, არამედ ის, რომ ეს შენობა იყოს ხარისხიანი და ათწლეულების განმავლობაში ემსახუროს საზოგადოებას. შესაბამისად, არაფერი უცნაური იმაში არ არის, რომ ჩვენ სახელმწიფო ინტერესი დავიცვათ კიდევ უფრო მეტად, ვიდრე კერძო ბიზნესმენი ან თითოეული ჩვენგანი საკუთარ სახსრებს დაიცავდა. აქ ჩვენს პირად ფულზე და პირად ინტერესზე არ არის ლაპარაკი, აქ საუბარია საზოგადოებრივ ინტერესზე და ეს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა", - განაცხადა მინისტრმა.

რევაზ სოხაძის თქმით, სახელმწიფო, თავის მხრივ, მზად არის ყველა კანონიერ ფარგლებში ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას, თუმცა არანაკლებად მნიშვნელოვანია საჯარო რესურსების სწორად განკარგვა.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მიერ დაანონსებული მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელია. ამიტომ, ძლიერი ბიზნესის არსებობა ჩვენთვის პრიორიტეტია", - აღნიშნა მინისტრმა.

რევაზ სოხაძემ ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც მშენებლობის დროს იჩენს თავს და აღნიშნა, რომ სახელშეკრულებო პროცესში მოქნილობა აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამშენებლო პროცესი შეფერხებულია. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში კი სახელმწიფოს სწრაფი რეაგირება აუცილებელია.

„როდესაც ვხედავთ სამშენებლო პროცესში, რომ იქ არის სერიოზული ხარვეზები, მათ შორის ხარისხთან მიმართებაში, ჩვენ უნდა ვიყოთ მოქნილები, რომ ეს ხარვეზები აღმოიფხვრას. ან თუ კომპანიას ეს არ ძალუძს, ჩვენ სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება და ეს კომპანია ჩავანაცვლოთ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები