მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძლიერი სიცხის გამო აშშ-ის ზოგიერთ ქალაქში დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებები გაუქმდა

აღლუმი

ექსტრემალურმა სიცხემ აშშ-ის ნაწილში 4 ივლისის საზეიმო ღონისძიებები შეაფერხა, მათ შორის, გაუქმდა აღლუმი ვაშინგტონში.

ქვეყნის დედაქალაქში "დიდი ამერიკული სახელმწიფო ბაზრობა" (The Great American State Fair) - რომელიც ქვეყნის 250 წლის იუბილეს ეძღვნებოდა - ასევე დროებით დაიხურა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ადამიანს სიცხით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, პარასკევს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსა და შუა დასავლეთში 165 მილიონზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა რეკორდულად მაღალი ტემპერატურის პირობებში.

4 ივლისის დღესასწაული ტრადიციულად მრავალი გარე აქტივობით - ბარბექიუთი, ადგილობრივი აღლუმებითა და ღამის ფეიერვერკებით ხასიათდება.

თუმცა, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისა და ქვეყნის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიება გაუქმდა პიკური სიცხის გამო - ნიუ-ჯერსიში, პენსილვანიაში, მერილენდში და დასავლეთით, კოლორადოში.

გაუქმებულ ღონისძიებებს შორის იყო ფილადელფიის საიუბილეო აღლუმი, რომელიც აშშ-ის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღონისძიებად მიიჩნეოდა.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენს ორგანიზაციაში ყველას გულს გვტკენს, ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ ამ მასშტაბის ღონისძიებას ასეთი სახიფათო სიცხის პირობებში", - განუცხადა BBC-ს აღლუმის ორგანიზატორი კომპანია "Wawa Welcome America"-ს ხელმძღვანელმა, მაიკლ დელბენემ.

დამოუკიდებლობის დღის დილის აღლუმი გაუქმდა დედაქალაქ ვაშინგტონშიც: "ჩვენი მონაწილეების, მაყურებლებისა და პერსონალის უსაფრთხოების გათვალისწინებით, რაც ჩვენი უპირატესი პრიორიტეტია", - განაცხადეს ორგანიზატორებმა.

"ეს ძალიან დატვირთული შაბათ-კვირა იქნება", - განუცხადა ვაშინგტონის სახანძრო და სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენელმა გამოცემა "The Washington Post"-ს.

ვაშინგტონში დაგეგმილი კიდევ ერთი ღონისძიება შეფერხდა, როდესაც აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციამ პარასკევს საღამოს დაგეგმილ კონცერტზე "A Capitol Fourth" ხალხის შეშვება ადგილობრივი დროით 15:00-ის ნაცვლად 19:00 საათამდე გადადო.

მოსალოდნელია, რომ ტრამპი შაბათს, 4 ივლისის საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა ღია ცის ქვეშ, მიუხედავად პროგნოზირებული მაღალი ტემპერატურისა. პრეზიდენტი დაჟინებით მოითხოვდა, რომ დღესასწაული გარეთ აღნიშნულიყო.

"მე ძალიან გრძელ სიტყვას ვიტყვი, უბრალოდ იმის საჩვენებლად, რომ ყველაფერი შემიძლია", - განაცხადა მან.

მოსალოდნელია, რომ ექსტრემალური სიცხე მთელი უქმეების განმავლობაში გაგრძელდება, რადგან წლის ყველაზე ცხელი პერიოდი ტემპერატურას ზოგიერთ რაიონში ათწლეულების განმავლობაში არნახულ ნიშნულამდე გაზრდის.

მწველი სიცხე და მაღალი ტენიანობა ჩრდილოეთ ამერიკისთვის უჩვეულო არ არის, თუმცა ამ მოვლენის ფართომასშტაბიანი ხასიათი მას პოტენციურად საშიშად აქცევს.

NWS-ის მონაცემებით, ფილადელფიასა და ვაშინგტონში ტემპერატურა, შესაბამისად, 40C და 39C-მდე გაიზრდება, ხოლო ტენიანობის გამო შეგრძნებადი ტემპერატურა 44C და 43C იქნება, რითაც ისინი თავიანთ ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდებიან.

ხუთშაბათს ნიუ-იორკში ტემპერატურამ 38C-ს მიაღწია, რაც ყველაზე ცხელი დღეა 2012 წლის შემდეგ, ხოლო პარასკევს შეგრძნებადი ტემპერატურა კვლავ უკიდურესად მაღალი დარჩა.

"ეს არის უკიდურესად სახიფათო პირობები", - განაცხადა ნიუ-იორკის მერმა ზოჰრან მამდანიმ.

4 ივლისს ზოგიერთ ცენტრალურ რაიონში შესაძლოა სიცხემ მცირედით იკლოს, მაგრამ არა აღმოსავლეთით, სადაც კვლავ სახიფათო ამინდი იქნება ღია ცის ქვეშ დაგეგმილ ღონისძიებებზე მყოფი ადამიანებისთვის.

კლიმატის ცვლილების გამო, სიცხის ტალღები უფრო ხშირი, ინტენსიური და ხანგრძლივი გახდა. ინდუსტრიული ეპოქის დაწყების შემდეგ დედამიწა უკვე დაახლოებით 1.1 გრადუსით გათბა და ტემპერატურა კვლავ გააგრძელებს მატებას, თუ მსოფლიოს მთავრობები მავნე გამონაბოლქვს მკვეთრად არ შეამცირებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები