ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობები ID ბარათებით მოქალაქეების საკმაოდ დიდმა ნაწილმა არ შეცვალა.
ძველი ტიპის (ლამინირებული, ე.წ. ჩიპის გარეშე) პირადობის მოწმობები დღეიდან გაუქმდა. როგორც მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, იმისთვის, რომ ადამიანებმა, რომლებსაც მოქმედი პირადობის დამადასტურებელი საბუთი აღარ აქვთ, უპრობლემოდ შეძლონ პენსიის და სოციალური გასაცემლების მიღება, მომდევნო ერთი თვე ეს თანხები დაუბრკოლებლად გაიცემა.
მან აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომა დიდხანს ვერ გაგრძელდება და მოქალაქეებს მოუწოდა, იუსტიციის სახლებს პირადობის დამადასტურებელი თანამედროვე მოწმობის ასაღებად მიმართონ.
„დღეიდან, საქართველოში იურიდიული ძალა დაეკარგა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ პირადობის მოწმობებს. ანუ ამიერიდან, იურიდიული ძალის არმქონედ ითვლება ე.წ. ქაღალდის ან ლამინირებული პირადობის მოწმობები. სახელმწიფოს მხრიდან დიდი ძალისხმევა მოხმარდა იმას, რომ ყველას, ვისაც ჰქონდა ე.წ. ქაღალდის პირადობის მოწმობები შეეცვალათ თანამედროვე პირადობის მოწმობით. ამ მიზნით, გათვალისწინებულია პირადობის მოწმობის უფასოდ შეცვლა. ამის მიუხედავად, საკმაოდ დიდმა ნაწილმა ჩვენი მოქალაქეებისა, რომლებსაც ჰქონდათ ე.წ. ქაღალდის პირადობის მოწმობა, არ ისარგებლეს ამ შესაძლებლობით და დღეიდან ამ ადამიანებს აღარ აქვთ მოქმედი პირადობის დამადასტურებელი საბუთი. იმისთვის, რომ დაბრკოლება არ შეექმნათ ამ ადამიანებს მათთვის გათვალისწინებული პენსიების და სხვა სოციალური შემწეობების მისაღებად, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში არ დაბრკოლდება ამ თანხების გაცემა, თუმცა ეს არ ნიშნავს ქაღალდის პირადობის მოწმობებისთვის მოქმედების ვადის გაგრძელებას. ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ სოციალური გასაცემლების მიღებაზე არ შეექმნებათ მოქალაქეებს დაბრკოლება ამ დამატებითი პერიოდის განმავლობაში. თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს წესი დროებითია და უსაზღვროდ ვერ გაგრძელდება. ამიტომ, იმისათვის, რათა ქაღალდის პირადობის მქონე მოქალაქეები არ დარჩნენ მომავალში პენსიის ან სხვა სოციალური გასაცემლების გარეშე, მინდა მოვუწოდო, რომ მიმართონ იუსტიციის სახლებს და აიღონ თანამედროვე პირადობის მოწმობა“, - თქვა მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
ცნობისთვის, 2023 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით, აქტიური ძველი ტიპის პირადობის მოწმობა 266 915 იყო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, აქტიური არაელექტრონული პირადობის მოწმობის შესაცვლელად, 2023 წლის 15 დეკემბრიდან 2024 წლის 10 ივნისის ჩათვლით, სააგენტოს 100 464-მა ადამიანმა მიმართა.