მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ძველ თბილისში ავარიული შენობების პროექტი მუშავდება, გამოვისყიდით და ინვესტორებს შევთავაზებთ” - მერია

ავარიული სახლები

თბილისის მერიამ ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა ძველ თბილისშიც დაიწყო. დედაქალაქის ვიცე-მერის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი ამჟამად ისტორიულ არეალებში რამდენიმე ათეული შენობის პროექტზე მუშაობს.

მისი განმარტებით, დღეს არსებული პროგრამა ორ ძირითად მიმართულებად იყოფა:

  • არა ისტორიულ არეალში: ავარიული სახლების ნაცვლად ახალი საცხოვრებელი კორპუსები აშენდება.
  • ისტორიულ არეალში (ძველი თბილისი): არსებული ურბანული წესრიგისა და მოცულობის შეზღუდვების გამო, მერია შენობების გამოსყიდვის მოდელს გამოიყენებს.

ვიცე-მერის განმარტებით, ისტორიულ უბნებში სახლების გამოსყიდვა საბაზრო ღირებულებით, მესაკუთრეებთან შეთანხმებით მოხდება. შეფასების პროცესში ჩართულია სამხარაულის ეროვნული ბიურო. გამოსყიდვის შემდეგ კი მერია აღნიშნულ ფართებს ინვესტორებს შესთავაზებს.

“ჩვენ ვხედავთ მოსახლეობის ინტერესს და დამუშავებაში გვაქვს უკვე რამდენიმე ათეული პროექტი. არაისტორიულ არეალში - ავარიული სახლების ნაცვლად ვაშენებთ ახალს, ხოლო ისტორიულ არეალში კი, რადგან შეზღუდულები ვართ გარკვეული მოცულობების გადაჭარბებაზე, გადავწყვიტეთ, რომ საბაზრო ღირებულებით განვახორციელოთ გამოსყიდვა ამ შენობების. ჩვენ არ ვართ მოგებაზე ორიენტირებული, შესაბამისად, მოსახლეობისთვის მისაღები თანხა არის ის ოდენობა, რაზეც მათი თანხმობა გვაქვს. ჩვენი მიზანია გამოვასწოროთ ავარიული ფონდი, გავაუმჯობესოთ პირობები და ამავდროულად შევინარჩუნოთ ისტორიულ არეალებში ურბანული წესრიგი.

ისტორიულ არეალში ხდება გამოსყიდვა არსებული კოეფიციენტით და მოცულობით, რაც შემდგომში შეთავაზებული იქნება ინვესტორისთვის. ჩვენ ვმუშაობთ სამხარაულის ეროვნულ ბიუროსთან, რომ მოხდეს შენობების შეფასება და ფასების დადგენა. რამდენიმე თვეში კონკრეტულ ქეისებზე გვექნება საუბრის შესაძლებლობა,”- აცხადებს თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები