მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძველი ავტოპარკის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ჩანაცვლების საკითხზე მუშაობა დაიწყო

5f5798c9c9fb4
ინგა მურუსიძე
08.09.20 23:40
771
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, მდგრადი ტრანსპორტის საპარლამენტო პლატფორმის ფარგლებში, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები.

„პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ამ მნიშვნელოვან პლატფორმას ჩავუყარეთ საფუძველი და დარწმუნებული ვარ, საბოლოო პროდუქტი - ის დოკუმენტი, რომელიც მდგრადი ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკას განსაზღვრავს და რომელსაც ერთობლივად შევიმუშავებთ, იქნება ძალიან ხელშესახები და მნიშვნელოვანი. სუფთა ჰაერი, რომელთან დაკავშირებითაც მსოფლიო აღნიშნავს დღეს - „სუფთა ჰაერი ლურჯი ცისთვის“, რა თქმა უნდა, არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამ ცვლილებებს ბუნებრივია, სჭირდება მკაფიო პოლიტიკის განსაზღვრა, რადიკალური რეფორმის გატარება და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების, საზოგადოების მზადყოფნა, რომ ეს რეფორმები გარკვეულწილად შეცვლიან მათი ქცევის წესებს და შეცვლიან იმ წყობას, რომელიც ახლა გვაქვს და ეს ყველაფერი მიმართული იქნება საბოლოოდ საუკეთესო შედეგისთვის - ეკოლოგიის გაუმჯობესებისა და გარემოსდაცვითი პრიორიტეტების წინ წამოწევისთვის“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა განსაზღვრა, რომ სუფთა ჰაერის, ეკოლოგიის მაღალი სტანდარტების და თანამედროვე მიმართულებების მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა მდგრადი ტრანსპორტის განვითარებაზე იყოს ორიენტირებული. შესაბამისად, კომიტეტმა პარტნიორ ორგანიზაციებთან (ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი (BEC) და საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის), დარგის ექსპერტებთან ერთად დაიწყო ამ თემაზე მუშაობა.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, მდგრადი ტრანსპორტის საპარლამენტო პლატფორმა მიზნად ისახავს პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებას, რომელიც თავის თავში მოიცავს მდგრადი ტრანსპორტის განვითარების ორ მნიშვნელოვან მიმართულებას: ძველი ავტოტრანსპორტის მოხმარებიდან ამოღების და უტილიზაციის მიმართულებაა და ამ ძველი ავტოპარკის ჩანაცვლებას ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტოტრანსპორტით.

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) აღმასრულებელი დირექტორის ნატია კაციაშვილის განცხადებით, დღევანდელ დღეს საკმაოდ კომპლექსური სამუშაო პროცესი უძღოდა წინ და მნიშვნელოვანია, რომ კომიტეტის ინიციატივით ეს უმნიშვნელოვანესი თემები არ დარჩა ყურადღების მიღმა. მან იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეძლებენ, რომ წარმოადგინონ კონკრეტული, ხელშესახები პოლიტიკის ხედვა - დოკუმენტი, დასახონ პრიორიტეტები და ამოცანები, რაც შედეგად მოიტანს საგზაო უსაფრთხოების, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და ა. შ.

როგორც საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თამჯდომარემ ეკატერინე ლალიაშვილმა აღნიშნა, მათი ორგანიზაცია წლებია მუშაობს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით, ტრანსპორტის ეკოლოგიის კუთხით, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, თუმცა ამ საკითხებს ასეთი დიდი მხარდაჭერა როგორც ეს დღეს ხდება კომიტეტის მხრიდან, აქამდე არ ჰქონია.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს ამ თემებს და შესაბამისად, მოტივაციაც ჩნდება. მან იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოებაც, რომელსაც დღეს ძალიან აწუხებს ჰაერის ხარისხი, განსაკუთრებით დედაქალაქში, ასევე გაუმართავი ავტოტრანსპორტი, ამ საკითხების გადაწყვეტაში სახელმწიფოს გვერდით დაუდგება. 

სამუშაო შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მდგრადი ტრანსპორტის საპარლამენტო პლატფორმა საქართველოში ავტოტრანსპორტის მიერ გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების ხელშეწყობისთვის შეიქმნა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან - ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი (BEC) და საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის პარტნიორობით, აშშ საელჩოს პროექტის ფარგლებში - „მონაწილეობითი საჯარო-კერძო დიალოგის განვითარება ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის“.

„ამ პროცესს წინ უძღოდა აღნიშნული პარტნიორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული კვლევითი აქტივობები და კომიტეტის მიერ განხორციელებული თემატური მოკვლევა „თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ“, რომლის შედეგად გამოიკვეთა, რომ მიუხედავად ხელისუფლების მიერ გადადგმული არაერთი ნაბიჯისა, ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემა კვლავაც მწვავეა და მის მიერ ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი კი დიდი. შედეგად გამოიკვეთა, რომ აუცილებელია ქმედითი ღონისძიების შემუშავება და მათი კოორდინირებულად აღსრულება.

კვლევებმა აჩვენა, რომ ატმოსფეროს დაბინძურების შედეგად გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევების ფარდობითი რაოდენობით საქართველო 50-ე ადგილზე იმყოფება მსოფლიოში. 2018-2019 წლების მონაცემებით, თბილისში PM2.5 მყარი ნაწილაკების საშუალო შემცველობა დასაშვებ ნორმას 15%-ით, ხოლო NOx-ის შემცველობა 33-58%-ით აჭარბებს. ამასთან, გამოვლინდა, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია, ასევე საკმაოდ ხანდაზმული ავტოტრანსპორტის სიჭარბე ქვეყანაში.

სწორედ აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა მდგრადი ტრანსპორტის პლატფორმის შემუშავება, რომლის მიზანია საქართველოში ჰაერის დაბინძურებაზე ძირითადად პასუხისმგებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ეკო-მეგობრული სატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლების ხელშეწყობის პოლიტიკის შემუშავება. ასევე, საქართველოში მდგრადი ტრანსპორტის პოლიტიკის შემუშავების პროცესში ინტერესთა ჯგუფების ჩართულობის გაუმჯობესება, რაც რეფორმების მონაწილეობით დაგეგმვას, ეფექტური მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნას და შედეგად, რეფორმათა ქმედუნარიანობას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია გარემოს დაცვის კომიტეტის ინფორმაციაში.

სამუშაო შეხვედრაზე ტრანსპორტის პოლიტიკის ექსპერტმა გიორგი ბაბუნაშვილმა ჯგუფის წევრებს წარუდგინა ავტოპარკის განახლების, მწვანე ტრანსპორტის განვითარებისა და ძველი ავტოსატრანსპორტო საშუალებების უტილიზაციის პოლიტიკა საქართველოში, გააცნო საერთაშორისო გამოცდილება და ისაუბრა რეფორმის პერსპექტივებზე. რეფორმის ძირითად პრიორიტეტებზე, მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრეს საჯარო პოლიტიკის ექსპერტმა ნოდარ ტანგიაშვილმა და ეკონომიკის ექსპერტმა ირაკლი დანელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები