მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ძველი თბილისის იერსახის შენარჩუნება ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია - რა თანხები იხარჯება პროექტზე?

კახა კალაძე

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, რომ დედაქალაქის ინფრასტრუქტურული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ძველი თბილისის იერსახის შენარჩუნებაა. როგორც მან თბილისის განვითარების ფონდის პროექტების პრეზენტაციაზე თქვა, ბოლო წლებში დასრულდა ათობით კულტურული ობიექტის რეაბილიტაცია, ხოლო რიგ პროექტებზე სამუშაოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

„სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით 100 მისამართზე ჩატარდა. 96 ობიექტი რეაბილიტირდა, მათ შორის 70 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ჯამში უკვე დახარჯულია 310 მილიონი ლარი, მიმდინარე პროექტებისთვის კი დამატებით 95 მილიონი ლარია გამოყოფილი“, – განაცხადა ბენდელიანმა.

მისივე თქმით, დასრულებულია ნარიყალას ციხის პირველი ეტაპის რეაბილიტაცია და ამჟამად მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ასევე განხორციელდა ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული მუზეუმის, ორბელიანის მოედნისა და მის გარშემო 22 შენობის რეაბილიტაცია, საიდანაც 13 – კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონეა.

„დასრულდა მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომპლექსის, დედაენისა და 9 მარტის ბაღების, გუდიაშვილის მოედნის, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისა და სხვა ისტორიული ობიექტების სარესტავრაციო სამუშაოები“, – ამბობს მერის მოადგილე.

ბენდელიანმა პრეზენტაციაზე ისაუბრა ამჟამად მიმდინარე სამუშაოებზეც, მათ შორის თაბუკაშვილის N46-ში მდებარე ე.წ. კადეტთა კორპუსის, ფიროსმანის ქუჩა N29-ის, წინამძღვრიშვილის I შესახვევისა და ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაციაზე. მისი ინფორმაციით, ჭადრაკის სასახლეში ფასადის სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე დასრულდება, ხოლო სრული რეაბილიტაცია – 2026 წლის ბოლოსთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები