თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია აცხადებს, რომ ძველი ნაძვის ხისგან, რომელიც გასულ წელს დაზიანდა, ორ ახალ ნაძვის ხეს გააკეთებენ და თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსებენ. ამის შესახებ მან bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ახალი წლისთვის ნაძვის ხის ტენდერს შეეხებოდა.
ანდრია ბასილაიას თქმით, მთლიანი სახით ძველ ნაძვის ხეს ვერ დადგამდნენ, რადგანაც მას გასულ წელს ფეიერვერკი მოხვდა და დაზიანდა. ამიტომაც, წელს გამოაცხადეს ახალი ტენდერი ცენტრალური ნაძვისხის შესაძენად. შესყიდვების სააგენტოს თანახმად, მისი შეძენა ბიუჯეტს 720 ათასი ლარი დაუჯდება.
"როდესაც გადავწყვიტეთ ნაძვის ხის დადგმა, აღმოჩნდა ის, რომ როგორც იცით ნაძვის ხეს შარშან ხანძარი გაუჩნდა. ნაძვის ხე არის დაზიანებული, წარმოადგენს გარკვეულ რისკებს, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევიძინოთ ახალი ნაძვის ხე. რაც შეეხება მას, რაც შარშან იდგა რუსთაველზე, ტექნიკურად მისგან და დამატებითი მასალების გამოყენებით გავაკეთებთ ორ პატარა ზომის ხეს, რომელიც სხვადასხვა ლოკაციაზე დაიდგმება.
ცნობილი იყო, რომ ნაძვის ხე შარშან დაზიანდა და მას მოხვდა ფეიერვერკი, რატომ იყო ეს სიახლე?
შარშან ზამთარში არ ვიცოდით. დიახ მოხვდა ფეიერვერკი, რომელიც მოქალაქემ გაისროლა და ამან დააზიანა ნაძვის ხე. თუმცა, კონსტრუქციული დაზიანება რომ იყო, ეს წელს აღმოვაჩინეთ", - პასუხობს bm.ge-ის თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.
როგორი იქნება ახალი ნაძვის ხე:
სატენდერო განაცხადის მიხედვით, ახალი ნაძვის ხის სიმაღლე უნდა იყოს 24 მეტრი. მას 365 ტოტი და 120 ცალი ფარდა განათება ექნება. ნაძვის ხე 100 აქსესუარით მოირთვება. მათ შორის იქნება გრძივად აწყობილი ბურთები, კონტურული ვარსკვლავები და ფიფქები, კონტურული მოგრძო ფორმის სათამაშოები.
ამ ტენდერში კომპანია "ღამის შოუს სტუდიამ" გაიმარჯვა, რომელთანაც ხელშეკრულების მომზადების პროცესი მიმდინარეობს. გამოქვეყნებული განაცხადის მიხედვით, კომპანია თბილისის მერიას ნაძვის ხეს 720 ათას ლარად მიაწვდის.