თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში საახალწლო სამზადისი დაწყებულია.
როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თბილისი 2024 წელს ახალი მთავარი ნაძვის ხით შეხვდება, ვინაიდან გასულ წელს საახალწლო ნაძვის ხეს ფოიერვერკის გასროლის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა და დაზიანდა.
კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება, 16 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება.
„საახალწლო სოფელი“ წელს განთავსდება ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში. ეს ორი ადგილი იქნება, სადაც საახალწლო დღეებში შეგვეძლება ჩვენი პატარებით მისვლა. შესაბამისი სივრცე მოეწყობა ყველა თაობის ადამიანისთვის. რაც შეეხება გალა კონცერტს, ყველა მსურველს რესპუბლიკის მოედანზე 31 დეკემბერს ვუმასპინძლებთ. გპირდებით, რომ ჩვენი ქალაქი წელს ძალიან ლამაზი იქნება და ბევრი ადამიანი ისიამოვნებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, თბილისი ძალიან საინტერესო გახდა უცხოელი ტურისტებისთვის, განსაკუთრებით კი საახალწლო დღეებში.
„უკვე ტრადიციად იქცა, რომ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი საახალწლოდ კიდევ უფრო ლამაზი და გამორჩეული იყოს. დედაქალაქში საახალწლო სამზადისი დაწყებულია. შეამჩნევდით, რომ ქუჩები უკვე ირთვება ილუმინაციებით. 30-ზე მეტ ქუჩაზე დამონტაჟდა საახალწლო განათებები და ეს პროცესი გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია საახალწლო ღონისძიებები. უამრავი ადამიანი ელოდება ამ დღეებს. რასაკვირველია, როგორც ყოველთვის, წელსაც გვექნება სიახლეები. თბილისის მთავარი გამზირი - რუსთაველი დეკემბრის დასაწყისში მოირთვება ახალი განათებებით და ვფიქრობ, ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი ეყოლება. ბოლო წლების განმავლობაში, თბილისი ძალიან საინტერესო გახდა უცხოელი ტურისტებისთვის, განსაკუთრებით საახალწლო დღეებში. ლამაზია საახალწლო სოფელი და ეს ტრადიცია წელსაც გვექნება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა კიდევ უფრო მეტი მნახველი ყავდეს ჩვენს ქვეყანას და ქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.