თბილისი მერი, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის ნაძვის ხე ღონისძიების გარეშე აინთება. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერმა ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გადადების მიზეზი კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული აგრესიული ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ სადღესასწაულო განწყობის შემოტანას ჩვენს დედაქალაქში. თუმცა, მიუხედავად ამისა, კალაძეს თქმით, ახალი წელი არის ყველასათვის საყვარელი დღესასწაული და არავის მიეცემა უფლება, რომ პატარებს და თანაქალაქელებს სიხარულისა და ბედნიერების განცდა წაართვას.
„როგორც მოგეხსენებათ, ტრადიციულად, დეკემბრის დასაწყისში თბილისში ვრთავთ ხოლმე საახალწლო განათებებს და ინთება მთავარი ნაძვის ხე. ამჯერადაც, დღეს საღამოს ჩაირთვება ილუმინაციები და ღონისძიების გარეშე აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე.
ახალი წელი არის ყველასთვის საყვარელი სახალხო დღესასწაული და არავის მივცემთ უფლებას, ჩვენს პატარებს და თანაქალაქელებს სიხარულის და ბედნიერების განცდა წაართვას. თბილისი იქნება ყველაზე ლამაზი საახალწლო ქალაქი, გვექნება ბევრი საზეიმო ღონისძიება ამ დღეების განმავლობაში და ახალ 2025 წელს შევხვდებით ისე, როგორც გვეკადრება - ახალი გამარჯვებებით, მშვიდობისა და განვითარების იმედით", - ამბობს დედაქალაქის მერი.