ფარმაცევტული კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე ამბობს, რომ საქართველოში სამედიცინო მომსახურება, მკურნალობა და წამლები ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაზე ძვირი არ ღირს.
BMG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, წამყვანის კითხვაზე, თვლის თუ არა კურტანიძე, რომ საქართველოში სამედიცინო მომსახურება, მედიკამენტი და მკურნალობის ღირებულება ძვირია და თუ ეს ასეა, რა განაპირობებს მის მაღალ ღირებულებას, „ავერსის“ დამფუძნებელი პასუხობს:
„ავიღოთ მაგალითად მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია. გვაქვს „ფილიპსის“ აპარატი, რომლითაც ტარდება კვლევა და გადახდილი გვაქვს დაახლოებით 2 მლნ ევრო. ამაზე უკეთესი აპარატი არც ევროპაში და ამერიკაში არავის უდგას. საუკეთესო აპარატები გვაქვს ნაყიდი. კვლევის ფასი საქართველოში არის დაახლოებით 100 ევრო, ხოლო ევროპაში 1000 ევროზე ნაკლები არსად არ არის.
რანაირად არის სამედიცინო მომსახურება უფრო ძვირი? მეორე მაგალითს მოვიყვან - საქართველოში ოჯახის ექიმის, თერაპევტის მომსახურება ღირს 50 ლარი, ეს არის დაახლოებით 17 ევრო, ამ ფასად ევროპის, აშშ-ის რომელი ქვეყნის რომელი ექიმი მიგიღებს, მოგისმენს და მოგცემს დანიშნულებას?".
რაც შეეხება მედიკამენტების ფასს, პაატა კურტანიძის განცხადებით, ზოგიერთი ვითომ ექსპერტი ხშირად ამბობს, რომ საქართველოში მაღალია მედიკამენტების წილი მკურნალობის ღირებულებაში, თუმცა ეს ასე არ არის.
„ზოგიერთი ვაიექსპერტი ამბობს, რომ მკურნალობის ხარჯებს დაახლოებით 35-40-45% არის წამლების ფასი, ხოლო ევროპაში ეს მაჩვენებელი არის 10-12%. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს 35-40%-ის ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე იმ 12%-ის. ეს ნიშნავს, რომ ღირებულება უფრო ნაკლებია, ვინაიდან იქ მრტ-ს გადაღება 1000 ევრო ღირს, ოჯახის ექიმის კონსულტაცია 200 ევრო ღირს და არა 17 ევრო, როგორც ჩვენთან. ხოლო ამ ფონზე წამლები ღირს ბევრად ნაკლები, ვიდრე - ევროპაში. ამიტომ გამოდის პროცენტულად საქართველოში მკურნალობა უფრო დაბალი, ვიდრე - ევროპაში“, - თქვა კურტანიძემ.