მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BMG-მ ონლაინ მედიასაშუალება On.ge შეიძინა

on.ge bm.ge

საინფორმაციო სააგენტო BMG-მ ონლაინ მედიასაშუალება On.ge შეიძინა - ცვლილებები ბიზნეს რეესტრში უკვე აისახა.

“ბიზნეს მედია საქართველომ” (BMG) სრულად შეიძინა შპს „ფორმულა ფროდაქშენისა“ და ნინო ტეფნაძის საკუთრებაში არსებული On.ge-ის 14.25%-იანი და 5%-იანი წილები. ამასთანავე, BMG-მ იყიდა შპს „ომედია მედია“, რომელიც თავის მხრივ, On.ge-ის 80.75%-იან წილს ფლობდა. შედეგად, BMG გამოცემის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ On.ge-ს ბრენდი მედიაბაზარზე დარჩება.

"BMG-ის მედია ჰოლდინგში On.ge-ის ბრენდის დამატება, როგორც ახალი პასუხისმგებლობა, ისე ზრდისა და გაფართოების მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს სტრატეგიული ნაბიჯი ჩვენს ჰოლდინგს მედიაბაზარზე გაფართოების ახალ შესაძლებლობებს მისცემს.

ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ On.ge-ის პლატფორმის სწორი მიმართულებით განვითარებას და გავაძლიეროთ მისი მრავალფეროვანი კონტენტი. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ on.ge შეინარჩუნებს იმ მიმართულებებსა და პროფილს, რაც აქვს და გააგრძელებს ფუნქციონირებას როგორც დამოუკიდებელი მედია სააგენტო BMG-ის ჰოლდინგში”, - აცხადებს BMG-ის დირექტორი ანნა ლაპიაშვილი.

"On.ge-ს დაარსების დღიდან, ჩვენი მიზანი იყო სანდო, თავისუფალი და თვითმყოფადი ონლაინ-მედიის შექმნა. ყველა დამფუძნებელს გვეამაყება ის გავლენა, რომელიც On.ge-ს გუნდმა ბოლო 10 წელიწადში ქართულ ონლაინ მედია ბაზარზე მოახდინა და ის ღირებულებები, რომლითაც შევინარჩუნეთ სარედაქციო და ფინანსური დამოუკიდებლობა, თავისუფალ მედიაზე არსებული წნეხის მიუხედავად. დღეს ეს ისტორია ახალ, ბევრად უფრო საინტერესო ფაზაში გადადის.

BMG-ის ჰოლდინგში გაერთიანება On.ge-სთვის განვითარების სრულიად ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპია. გვიხარია, რომ ვიპოვეთ თანამოაზრეები, რომლებიც გამოცემას განავითარებენ ისეთი ძლიერი და პროფესიონალური მედიაჯგუფის ფარგლებში, როგორიც BMG-ია. დარწმუნებული ვარ, ეს სინერგია კიდევ უფრო გააძლიერებს On.ge-ს და შეუნარჩუნებს მას იმ მთავარ ღირებულებებს და უნიკალურ სტილს, რომლითაც ამ ბრენდმა წლების განმავლობაში შეაყვარა თავი საკუთარ აუდიტორიას”, - აცხადებს On.ge-ს თანადამფუძნებელი ნოდარ დავითური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები