მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„Eagle Hills არ არის Emaar Properties-ის შვილობილი კომპანია“ - რომან გოცირიძე UAE-ს მთავრობას და Emaar-ს მიმართავს

რომან გოცირიძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოში ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული მედია Emaar ფონდის სახელს არასწორად იყენებს და მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, რომან გოცირიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას, Investment Corporation of Dubai-ს და Emaar Properties PJSC-ს მიმართავს და რეაგირებისკენ მოუწოდებს. გოცირიძე წერს, რომ Eagle Hills, რომელიც საქართველოში $6.6 მლრდ-იან საინვესტიციო პროექტს განახორციელებს, კერძო კომპანიაა და არა საამიროების Emaar Properties-ის შვილობილი. არამედ მათ საერთო ფიგურა Mohamed Alabbar აერთიანებთ და იურიდიულად დამოუკიდებელი სტრუქტურებია. ის აცხადებს, რომ Emaar-ის სახელი პოლიტიკური პროპაგანდისა და შიდა პოპულისტური მიზნებისთვის გამოიყენება.

„გთხოვთ, როგორც საამიროების სახელმწიფო სტრუქტურამ და პასუხისმგებელმა კომპანიამ, შესაბამისი ნაბიჯები გადადგათ იმისათვის, რომ შეჩერდეს თქვენი სახელის არაკეთილსინდისიერი გამოყენება საქართველოში და გავრცელდეს ოფიციალური განმარტება ამ საკითხზე“, - ნათქვამია სებ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის მიმართვაში.

BMG რომან გოცირიძის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს მთავრობისა და პროპაგანდისტული სამთავრობო მედიის მიერ Emaar ფონდის სახელის არასწორად გამოყენებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის შესახებ

ადრესატი:

არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობა,

Investment Corporation of Dubai (ICD),

Emaar Properties PJSC.

მოგმართავთ ღია წერილით, როგორც საქართველოს მოქალაქე, რომელიც შეშფოთებულია იმით, თუ როგორ არასწორად და არაკეთილსინდისიერად გამოიყენება საამიროების სახელმწიფო ფონდის, Emaar Properties-ის სახელი საქართველოში მიმდინარე საინვესტიციო დისკუსიებში.

საქართველოს ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული მედია უკვე რამდენიმე კვირაა ავრცელებს ინფორმაციას და ეწევა არაკეთილსინდისიერ რეკლამას, თითქოს Emaar ფონდი, ანუ საამიროების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საინვესტიციო ჯგუფი, აპირებს საქართველოში 6,6 მილიარდი დოლარის ინვესტირებას.

საერთაშორისო და საჯარო წყაროებით დადასტურებულია, რომ აღნიშნულ პროექტს ახორციელებს კერძო კომპანია Eagle Hills, რომელიც არ არის Emaar Properties-ის შვილობილი კომპანია და არც რაიმე სამართლებრივი კავშირი აქვს მასთან. ორივე კომპანიას მხოლოდ ერთი საერთო ფიგურა აერთიანებს — ბატონი Mohamed Alabbar, თუმცა იურიდიულად ისინი სრულიად დამოუკიდებელი სტრუქტურებია.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება და პროპაგანდისტული მედია ამ ფაქტს იყენებს იმისთვის, რომ საზოგადოებაში შექმნას ცრუ წარმოდგენა, თითქოს საქართველოში ინვესტიციებს ახორციელებს საამიროების სახელმწიფო ფონდი და საამიროების მთავრობა.

ეს არის სიცრუე, რომელიც არა მხოლოდ ქართული და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, არამედ აზიანებს Emaar Properties-ისა და საამიროების სახელმწიფოს რეპუტაციას, რადგან მათი სახელი გამოიყენება პოლიტიკური პროპაგანდისა და შიდა პოპულისტური მიზნებისთვის, ასევე კომერციული რეკლამისათვის.

გთხოვთ, როგორც ემირატების სახელმწიფო სტრუქტურამ და პასუხისმგებელმა კომპანიამ, შესაბამისი ნაბიჯები გადადგათ იმისათვის, რომ შეჩერდეს თქვენი სახელის არაკეთილსინდისიერი გამოყენება საქართველოში და გავრცელდეს ოფიციალური განმარტება ამ საკითხზე.

მიგვაჩნია, რომ დროული და ღია პოზიცია დაიცავს როგორც Emaar Properties-ის, ისე ემირატების სახელმწიფოს რეპუტაციას და შეაჩერებს ცრუ პროპაგანდას, რომელსაც მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავს.

პატივისცემით,

რომან გოცირიძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი,

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი“.

Eagle Hills-ის $6.6-მილიარდიანი პროექტი საქართველოში - რა (არ) ვიცით? | ნიკა ალავიძის ბლოგი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები