ტერიტორია გონიოში, რომელიც მთავრობამ არაბულ დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-ს უნდა გადასცეს 1 კილომეტრზე ნაკლებით არის დაშორებული ქალაქის ნაგავსაყრელი პოლიგონისგან.
ნაგავსაყრელის ბათუმის ტერიტორიიდან გადატანა წლებია იგეგმება და 2021 წელს დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავშემკრები პოლიგონის მშენებლობა, თუმცა აღნიშნული პოლიგონი ამ დრომდე არ ოპერირებს.
როგორც ირკვევა, ობიექტზე იმის მიუხედავად რომ ნარჩენების სანაყარო უკვე მოწყობილია, ჯერ კიდევ არ არის აშენებული მყარი ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტი, რომლისთვისაც საერთაშორისო ტენდერი მხოლოდ 2026 წლის თებერვალში დასრულდა. აღნიშნული ტენდერის ფარგლებში უნდა აშენდეს 25 მილიონი ევროს ღირებულების ობიექტი, საიდანაც 19 მილიონი ევროს ფინანსირებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ახდენს. ახალმა პოლიგონმა ყოველწლიურად 120,000 ტონა მყარი ნარჩენები უნდა მიიღოს.
შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სამშენებლო სამუშაოებს ერთ წელზე მეტი შეიძლება დასჭირდეს, აჭარის რეგიონში ახალი ნაგავსაყრელი შესაძლოა არც 2027 წელს ამოქმედდეს. EBRD-თან გაფორმებული სესხის თანახმად, მდინარე ჭოროხის სანაპიროზე არსებული ნაგავსაყრელის დახურვის შემდეგ ადგილის კონსერვაციის და ბუნების აღდგენის სამუშაოების ჩატარება არის გათვალისწინებული.
როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, პროექტის გაჭიანურება განაპირობა მისი პარამეტრების ცვლილებამ. კერძოდ კი პირვანდელი ნებართვით ახალ პოლიგონს წლიურად 75,000 ტონა ნარჩენები უნდა მიეღო, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ბათუმის მოსახლეობა განსაკუთრებით მაღალი ტემპებით იზრდება, აუცილებელი გახდა მისი დაკორექტირება და 2022 წლის 17 იანვარს პოლიგონის წლიური მიღების ნორმა 120,000 ტონამდე გაიზარდა.
ბათუმის პოლიგონის ტერიტორიის დაშორება Eagle Hills-ისთვის გადასაცემი მიწის ნაკვეთიდან 800 მეტრს შეადგენს

რაც შეეხება თავად Eagle Hills-ის პროექტს, ჯერჯერობით, გონიოში მდებარე 2,579,000 კვადრატული მეტრის "იგლ ჰილს საქართველოსთვის" უზურფუქტით ან საკუთრებაში გადაცემის პროცესი არ დაწყებულა. ამით ის ჩამორჩება თბილისის Eagle Hills-ის პროექტს, სადაც როგორც წინასწარი გაყიდვები არის დაწყებული, ასევე მოხდა ფონიჭალასა და აღთაკლიაში მდებარე 6.3 მლნ კვადრატული მეტრის 2-წლიანი უზურფუქტით ინვესტორისთვის გადაცემა.




























