მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Eagle Hills-ის პროექტიდან ბიუჯეტში 11 მილიარდი ლარის გადასახადები შევა - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, Eagle Hills-ის პროექტით სახელმწიფო ბიუჯეტში სხვადასხვა გადასახადის სახით პროექტის განხორციელების განმავლობაში ჯამურად 11 მილიარდი ლარი შევა. მისი თქმით, ყოველწლიური საგადასახადო კონტრიბუცია 700 მილიონი ლარი იქნება.

"პროექტი განხორციელდება, 11 მლრდ ლარით გამდიდრდება ჩვენი ეკონომიკა და ქართული ეკონომიკის გამდიდრება ნიშნავს ამ სიკეთის გავრცელებას ფართო საზოგადოებაზე. თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, რას ნიშნავს 100 მილიარდიანი ეკონომიკისთვის 11 მილიარდის დამატება მხოლოდ ერთი პროექტის ხარჯზე. კამპანია უკვე ჩავარდნილია, ყველამ გაიგო, რომ არავითარი არაბიზაცია არ ხორციელდება. ჩვენ სრული ღიაობა გამოვხატეთ დისკუსიების კუთხით ამ თემასთან დაკავშირებით. პარლამენტშიც გვქონდა ამ საკითხის განხილვა. კითხვებიც კი ვერ დასვა რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პარტიამ ამ თემასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ ამოიღოთ კითხვები. პრაქტიკულად, არავითარი რეალური კითხვა არ არსებობს ამ პროექტთან დაკავშირებით. შესაბამისად, პროექტი განხორციელდება. ჩვენს ეკონომიკას შეემატება 11 მილიარდი ლარი, ჩვენს ბიუჯეტს წლიურად შეემატება საშუალოდ 700 მილიონი ლარი და ეს ყველაფერი მოხმარდება ფართო საზოგადოებას, უფრო მეტად შევსებული ბიუჯეტი ნიშნავს მეტ სოციალურ პროექტს, მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს“, - განაცხადა პრემიერმა.

არაბული კომპანია Eagle Hills საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ორ მასშტაბურ პროექტს გეგმავს:

  • თბილისი, კრწანისი — Tbilisi Waterfront (590 ჰექტარი):
    კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილია პრემიუმ სასტუმროები, მაღალი კლასის საცხოვრებლები, რესტორნები, ბარები და მრავალფეროვანი გასართობი სივრცეები.
  • გონიო — ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია (250 ჰექტარი):
    პროექტი მოიცავს იახტ კლუბის, პრემიუმ სასტუმროების, მდიდრული საცხოვრებლებისა და კვების ობიექტების განვითარებას.

სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები