საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის მიერ საქართველოზე მომზადებულ უალხეს ანგარიშში Eagle Hills-ის ინვესტიციაც მოხვდა. სააგენტო წერს, რომ პროექტის რეალიზების შემთხვევაში, მას საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, ინვესტიციებსა და საშუალოვადიან ნდობაზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია.
"საბაზისო პროგნოზში არ გვაქვს გათვალისწინებული Eagle Hills-ის შესაძლო ინვესტიცია, რომელიც 6 მლრდ დოლარამდეა შეფასებული (მშპ-ის 15%). თუმცა ამ პროექტის ამოქმედება ეკონომიკური ზრდის, ინვესტიციებისა და ნდობის მკვეთრ აღმავლობას განაპირობებს, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და მშენებლობის ტემპის მატებით იქნება გამოწვეული", - წერია ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ S&P Global-ის ანგარიშში არაფერი წერია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით განვითარდება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ძირითადი ინფრასტრუქტურის შექმნას, ხოლო პორტის ოპერირებასა და განვითარებაში კერძო კომპანიებისა და პარტნიორების ჩართულობას.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1 პროცენტული პუნქტით გაზარდა. სააგენტოს ახალი შეფასებით, წელს საქართველოს ეკონომიკა 6.4%-ით გაიზრდება, მაშინ როდესაც თებერვალში გამოქვეყნებულ პროგნოზში ზრდა 5.4%-ის დონეზე იყო ნავარაუდევი.
"მიუხედავად პოლიტიკური მოვლენებისა, საქართველო მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ წლიურად 8.3%-ით იზრდებოდა. ზრდა ძლიერი დარჩა 2026 წლის დასაწყისშიც, რაც ძირითადად მდგრადი კერძო მოხმარებით იყო განპირობებული, ხოლო რეგიონული დაძაბულობის ესკალაციის უარყოფითი გავლენა ჯერჯერობით შეზღუდულია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში დაფიქსირებულ უპრეცედენტოდ მაღალ ტემპებთან შედარებით გარკვეულ შენელებას ველოდებით, ჩვენი პროგნოზით, ზრდის მაჩვენებელი მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება და 2026 წელს დაახლოებით 6.4%-ს შეადგენს (რისი მთავარი მამოძრავებელიც ისევ მოხმარება იქნება), რის შემდეგაც თავის საშუალოვადიან პოტენციურ დონეს დაახლოებით 5%-ს დაუბრუნდება", - წერს S&P Global Ratings-ი.
S&P-ის განახლებული შეფასებით, უცვლელად დარჩა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე, თუმცა გაუმჯობესდა რეიტინგის პერსპექტივა და "სტაბილური" მოლოდინი "პოზიტიურით" შეიცვალა.




























