ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, Eagle Hills-ის პროექტის განმახორციელებელ ქართულ კომპანიაში სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება როგორც სამეთვალყურეო საბჭოში, ასევე დირექტორთა საბჭოში, თუმცა არააღმასრულებელი მიმართულებით.
გასულ კვირაში გაფორმებული შეთანხმებით, Eagle Hills-ის პროექტში სახელმწიფო 33%-ის წილით იქნება წარმოდგენილი. წინასწარი პროგნოზით, პროექტის საინვესტიციო მოცულობა 6.6 მილიარდი დოლარი იქნება.
„სახელმწიფოსა და კომპანია „იგლ ჰილს“-თან გაფორმებული შეთანხმების თანახმად, პროექტის მართვაზე ვალდებულია კომპანია. სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება როგორც სამეთვალყურეო საბჭოში, ასევე მმართველობით რგოლში, თუმცა, უფრო პასიური ფორმით, რაც ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან მართვის და პროექტების განვითარების ცოდნა და Know-how ამ შემთხვევაში აქვს ინვესტორს და არა სახელმწიფოს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. არსებული პირობებით, სახელმწიფო კაპიტალის მოზიდვის კომპონენტში ჩართული არ იქნება და აღნიშნული რისკი ინვესტორის მხარეს იქნება.
ირაკლი ნადარეიშვილის განმარტებით, სახელმწიფოსა და კომპანიას შორის გაფორმებული შეთანხმება მხარეთა შორის ურთიერთობებს არეგულირებს.
მთავრობა მოელის, რომ როგორც გონიოს, ასევე თბილისის მიმდებარედ არსებულ პროექტზე კომპანიას 2026 წლის ზაფხულისთვის როგორც არქიტექტურული პროექტი, ასევე გზშ დოკუმენტაცია უკვე მომზადებული ექნება.




























