წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 468.8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 23.2%-ით ნაკლებია. ამ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკაში ყველაზე დიდი ინვესტიციები ჩინეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ჩაიდო. ამასთან, ყველაზე მეტი FDI საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში, უძრავი ქონების და დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა.
BM.GE-მ საქსტატიდან ის კომპანიები გამოითხოვა, რომლებშიც II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოგზავნილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ TOP-ინვესტორ კომპანიებს შორის არიან როგორც დამმუშავებელი მრეწველობის დარგში, ასევე დეველოპმენტში, ენერგეტიკის და საფინანსო სექტორში მოქმედი კომპანიები.
TOP-10 ინვესტორი კომპანია, სადაც აპრილ-ივნისში ყველაზე დიდი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო ასეთია:
- აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
- შპს თბილისი ენერჯი;
- შპს ქართული ცემენტი;
- შპს ტოიოტა კავკასია;
- შპს აჭარა ტექსტილე;
- შპს პაშა დეველოპმენტ ჯორჯია;
- შპს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ;
- შპს იგლ ჰილს საქართველო;
- სს ბიჯეო ჯგუფი;
- შპს სოკარ მიდსთრიმ გაზ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი;
შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემებით, II კვარტალში სააქციო კაპიტალმა 210.5 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 44.9%-ია. რეინვესტიციამ 300.5 მლნ დოლარი შეადგინა და მისი წილი 64.1%-ით განისაზღვრა.




























