მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Eagle Hills-ისთვის უზურფუქტით გადაცემულ 6.3 მილიონ კვადრატულ მეტრზე განაშენიანების გეგმის შემუშავება იწყება

Eagle Hills

თბილისის Eagle Hills-ის, ანუ Tbilisi Waterfront-ის პროექტზე განაშენიანების გეგმის შემუშავების პროცესი დაიწყო - ამის შესახებ აღნიშნულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ გარდაბნის საზღვრებში - სოფლებში ყარაჯალარში, აღთაკლიაში, ფონიჭალასა და კრწანისში მდებარეობს.

საქართველოს მთავრობამ "იგლ ჰილს საქართველოს" 6 335 813 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთები პროექტის განხორციელებისთვის 2026 წლის აპრილში 2-წლიანი უზურფუქტის უფლებით გადასცა, რაც თავის თავში მოიაზრებს ტერიტორიის განვითარების უფლებას თუმცა, მიწის მესაკუთრედ კვლავ სახელმწიფო ნარჩუნდება.

მთავრობამ ტერიტორიის განაშენიანების სპეციალური რეჟიმით რეგულირების შესახებ დადგენილება 2026 წლის 29 მაისს გამოსცა და ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი მიანიჭა.

„ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილისათვის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის №234 დადგენილებით (შემდგომში - №234 დადგენილება) მინიჭებული განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის ფარგლებში, კერძო ინიციატივის საფუძველზე იწყება ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, კრწანისის ტყე-პარკში, განაშენიანების გეგმის შემუშავება.

საპროექტო არეალი, რომლის ფართობიც 6 335 813.3 კვადრატულ მეტრს შეადგენს, კრწანისის ტყე-პარკში, მტკვრის ორივე მხარეს მდებარეობს და უშუალოდ უკავშირდება S4 საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანს.

პროექტის მთავარი ამოცანაა კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მაღალი ხარისხის, მყუდრო, ბუნებასთან მაქსიმალურად ინტეგრირებული, დაბალი ინტენსივობისა და სიმჭიდროვის განაშენიანების განვითარება, რომლის უმეტესი წილი დაეთმობა ინდივიდუალურ განაშენიანებას - „ვილებისა“ და „თაუნჰაუსების“ სახით, ხოლო მცირე ნაწილი, განაშენიანების ცენტრი თავს მოუყრის საზოგადოებრივი და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტებს,"- ნათქვამია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სპეციალური რეგულირების ზონა Eagle Hills-ისთვის უზურფუქტით გადაცემულ შემდეგ მიწის ნაკვეთებზე ვრცელდება:

Eagle Hills-ის $6.6-მილიარდიანი პროექტი ასე ნაწილდება:

  • თბილისი, კრწანისი — Tbilisi Waterfront (590 ჰექტარი):
    კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილია პრემიუმ სასტუმროები, მაღალი კლასის საცხოვრებლები, რესტორნები, ბარები და მრავალფეროვანი გასართობი სივრცეები.
  • გონიო — ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია (250 ჰექტარი):
    პროექტი მოიცავს იახტ კლუბის, პრემიუმ სასტუმროების, მდიდრული საცხოვრებლებისა და კვების ობიექტების განვითარებას.

სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. მოლოდინია, რომ 2026 წელს საპროექტო სამუშაოები დასრულდება.

ჯერჯერობით გონიოს პროექტზე სახელმწიფოს მიერ ინვესტორისთვის მიწების უზურფუქტით გადაცემა და ბინების წინასწარი გაყიდვები არ დაწყებულა.

რა არის უზურფუქტი:

უძრავი ნივთის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში. პირი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, თუმცა მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არ აქვს ამ ნივთის გასხვისების, დაგირავების ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება.

შესაბამისად, უზურფუქტის პირობით, Eagle Hills-ს ამ ქონების გასხვისების ან მისი საბანკო კრედიტისთვის დაგირავების უფლება არ აქვს.

საწყის ეტაპზე უზურფუქტის ვადიანობა 2 წელს შეადგენს. ის მომავალში შესაძლოა გახანგრძლივდეს ან შეიცვალოს მიწის სრულ საკუთრებაში გადაცემით.

კომპანიის აქციონერები:

"იგლ ჰილს საქართველო" 2025 წლის აპრილში, სახელმწიფოსთან გაფორმებული საინვესტიციო მემორანდუმის საფუძველზე დაფუძნდა. კომპანიაში სახელმწიფო 33.33%-ს ფლობს, 66.67%-ის მფლობელია იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედი, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არის რეგისტრირებული.

კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო 4 წევრისგან შედგება, მათ შორისაა კომპანიის დამფუძნებელი ბიზნესმენი მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი; მისი შვილი რაშიდ მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი; კომპანიის დირექტორი ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი, ხოლო საქართველოს მთავრობას, როგორც კომპანიის აქციონერს სამეთვალყურეო საბჭოში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი წარმოადგენს.

პროექტის საინვესტიციო მოცულობა 6.6 მილიარდი დოლარია, თუმცა საჯაროდ ცნობილი არაა როგორც ნაწილდება პროექტის ბიუჯეტი გონიოს და თბილისის პროექტებზე.

Tbilisi Waterfront-ის რენდერები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები