მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Eagle Hills-თან ხელშეკრულებაში სახელმწიფოს არცერთ პუნქტში ფინანსური ვალდებულება აღებული არ აქვს - მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, Eagle Hills-თან შეთანხმებააში სახელმწიფოს არცერთ პუნქტში ფინანსური ვალდებულება არ აუღია და ფინანსური გარანტია არ გაუცია. ამის შესახებ მინისტრის განმარტებას ეკონომიკის სამინისტროს ავრცელებს.

„იგლ ჰილს საქართველოს“ პროექტი ის შემთხვევაა, როდესაც მთავრობამ პირველ ადგილზე სახელმწიფო ინტერესი დააყენა. ხელშეკრულებით სახელმწიფოს არცერთ ეტაპზე და არცერთ პუნქტში არ აქვს აღებული რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება, არ გაუცია ფინანსური გარანტია“, - აცხადებს ქვრივიშვილი.

ის აღნიშნავს, სამწუხაროდ, საქართველოში წარსულში არსებობდა არაერთი არასწორად გაფორმებული ხელშეკრულება, მათ შორის საინვესტიციო - როდესაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მსხვილი ინვესტორები სახელმწიფოს მათ პირობებს კარნახობდნენ. მარიამ ქვრივიშვილი ხაზს უსვამს, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტი მათ რიცხვს არ განეკუთვნება და საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული შეთანხმებით სახელმწიფოს ინტერესები მაქსიმალურადაა დაცული.

დეველოპერული კომპანია „იგლ ჰილსი“ საქართველოში, კერძოდ, თბილისსა და გონიოში $6,5 მილიარდზე მეტი ღირებულების ორ პროექტს განახორციელებს. გაფორმებული შეთანხმების თანახმად, საქართველო პროექტების პარტნიორი და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრეა.

„ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად ასეთი მსხვილი და უპრეცედენტო ინვესტიციისა, სახელმწიფოს არ გაუცია განსხვავებული ან საგამონაკლისო რეჟიმი უშუალოდ ამ ინვესტორისთვის, ან უშუალოდ ამ პროექტისთვის. ამასთანავე, მივიღეთ უპრეცედენტო შესაძლებლობა - სახელმწიფო გახდა თანაპარტნიორი საერთო საწარმოში, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო თბილისსა და გონიოში მდებარე მიწების თანამესაკუთრეა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მასშტაბურ პროექტზე საუბრისას ასევე აქცენტს იმ ეკონომიკურ სარგებელზე აკეთებს, რომელსაც ის მთელი ქვეყნისთვის მოიტანს.

„იმ სიკეთეების მიღმა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრესია ინვესტიციის საპირწონედ, სახელმწიფო ამავდროულად მიიღებს დივიდენდს და შემოსავალს ბიუჯეტში, რაც ნიშნავს, რომ ეს ქართული პროექტია“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები