მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ებრაელები 70 ქვეყნიდან არიან ჩამოსულები...იმის გამო, რომ რომელიმე ქვეყნის მმართველი ებრაელია, ისრაელი მის მხარეს ვერ დადგება"

622de700c30c5
მარიამ იზორია
13.03.22 17:00
5731
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე Facebook–გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოს ისრაელის მიმართ არასოლიდარული განწყობის გამო აკრიტიკებს.

როგორც იციკ მოშე აღნიშნავს, იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო ისრაელის მიმართ განხორციელებულ ყველა შეტევაზე დუმდა, ისრაელი ყველა ქვეყნის მიმართ ჰუმანურობას ინარჩუნებს.

„ხელები შორს ისრაელისგან! ომის დროს ჰუმანური უნდა იყო, იზრუნო ხალხზე და ომის დასრულებაზე... კარგი იქნებოდა, რომ მოსახლეობით 20-ჯერ დიდი და ტერიტორიებით 800-ჯერ დიდი რუსეთი და უკრაინა ასეთი ემოციებით ისრაელს მუდმივ ომებში უჭერდნენ მხარს. მილიონობით ადამიანი, რომლებსაც რუკაც კი არ უნახავთ, მზადაა მსოფლიოსთვის მტკინვეულ ომში სიტყვა „ისრაელის“ გამოჩენისთანავე, ანტისემიტური აზრები დაწეროს და რუსეთ-უკრაინის ომი, ალბათ კორონავირუსიც კი ისრაელს დააბრალონ.

არ მახსენდება მსოფლიოს ქვეყნების მხარდაჭერა იერუსალიმისთვის, როგორც ისრაელის დედაქალაქისთვის, მაშინ, როცა ისრაელსა და იერუსალიმის კავშირის უარყოფა ყველა რელიგიის საძირკველის უარყოფაა... არც კი წარმოვიდგენ იმ სიტუაციას, როგორ არ აღიარებს ისრაელი კიევს, როგორც უკრაინის დედაქალაქს.

მალე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ბირთული იარაღის წარმოებაზე იქნება, მთელი მსოფლიო ალბათ მხარს ირანს დაუჭერს, რომელიც აცხადებს, რომ ისრაელი არ უნდა არსებობდეს.

ამიტომ, ძვირფასო მსოფლიო: ისრაელი აგრძელებს ჰუმანურობას, ეს პატარა ქვეყანა იმაზე მეტს აკეთებს მსოფლიოსთვის, როგორც მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, მედიცინასა და ზოგადად თანამშრომლობაში, ვიდრე ის სხვა ქვეყნებისგან იღებს. ებრაელები ისრაელში 70 ქვეყნიდან არიან ჩამოსულები და მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიმე მმართველი ან მინისტრი ებრაელია, ისრაელი 70-ვეს მხარეს ვერ დადგება, სამწუხაროდ, ისრაელი მსოფლიო ლიდერი არ არის და ქვეყნებს ორმხრივი ინტერესი ამოძრავებთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობა არარსებობაზეა საუბარი.

ჩვენ ვიცით, რომ როგორც საუკუნეების წინ, ახლაც მარტო მოგვიწევს საკუთარ თავზე ზრუნვა, იმ სამყაროში სადაც ებრაელების მიმართ 2000–წლიანი ტანჯვის ტრადიცია არსებობს. 6 მილიონი ებრაელის ამოხოცვისას მსოფლიო დუმდა და დუმს დღესაც - ანტისემიტიზმის პირობებში. ამის მიუხედავად, ჩვენი გზა ჰუმანიზმის გზაა და ჩემთვის ისრაელის ყველა სახის განსჯა მიუღებელია და გთხოვთ - ხელები შორს ისრაელისგან“ - წერს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები