მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD განმარტავს, რომ GOGC-იმ სესხის პირობები დაარღვია, თუმცა ეს დეფოლტი არ ყოფილა

63d295b2301cb
შოთა ტყეშელაშვილი
26.01.23 23:00
919
სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანია “ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” 2021 წელს EBRD-ის $250 მილიონიანი სესხის პირობები დაარღვია - ამის შესახებ კორპორაციის ფინანსურ ანგარიშგებაში, ასევე ფონდის მფლობელი “საპარტნიორო ფონდის” ფინანსურ ანგარიშში არის ნათქვამი.

წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, სესხის პირობების დარღვევა განაპირობა იმან, რომ ნავთობისა და გაზის კორპორაცია მოსახლეობის გაზმომარაგების ტარიფის სუბსიდირებას ახდენს, რამაც კომპანიას აღარ დაუტოვა თავისუფალი რესურსი აღნიშნული სესხის პირობებს მომსახურებოდა. სესხის პირობის დარღვევამ EBRD-ს მისცა უფლება კომპანიისგან სესხის სრულად დაფარვა მოეთხოვა, ამიტომაც იმ პერიოდში სესხის ნარჩენი თანხა 317.6 მილიონი ლარი მოკლევადიან მოთხოვნად დაკლასიფიცრდა. 

საკითხთან დაკავშირებით BMG-სთან პროაქტიულად გააკეთა განმარტება საქართველოში EBRD-ის წარმომადგენლობამ, სადაც აღნიშნავენ, რომ სესხის პირობები დაირღვა, თუმცა ეს დეფოლტი არ ყოფილა. ამასთანავე, EBRD-ში აცხადებენ, რომ დღეის მდგომარეობით ეს სესხი უკვე სრულად დაფარულია. 

კრედიტის პირობის დარღვევა თავად GOGC-ის ანგარიშში პირდაპირ დეფოლტად არ არის მოხსენიებული, თუმცა, ამგვარად არის განმარტებული მისი მფლობელი ორგანიზაციის "საპარტნიორო ფონდის" ფინანსურ ანგარიშში. 

GOGC-ის 2021 წლის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშში წერია:

“საქართველოს მოსახლეობისთვის ფინანსური ტვირთის შემცირებამ, გაზის გაყიდვის დაბალი ფასების შენარჩუნებით, იმოქმედა „კომპანიაზე“, რაც გამოიხატა ფინანსური და არაფინანსური კოვენანტების დარღვევაში EBRD-ისგან მიღებულ სესხთან დაკავშირებით, აღნიშნული კრედიტორს საშუალებას აძლევს მოითხოვოს სესხის მოთხოვნისთანავე დაფარვა. დარღვევის შედეგად, სესხის მთლიანი დაუფარავი ოდენობა კლასიფიცირდა როგორც მოკლევადიანი, რამაც 2021 წლის 31 დეკემბრისთვის, ჯგუფის მოკლევადიანი ვალდებულებების მოკლევადიან აქტივებთან შედარებით 317,551 ათასი ლარის ოდენობით ზედმეტობა გამოიწვია. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია ფუნქციონირებადობის პრინციპის გამოყენებით, რომელიც ხელმძღვანელობას მიაჩნია შესაბამისად, შემდეგი მიზეზების გამო:

ხელმძღვანელობა კრედიტორთან მოლაპარაკებების პროცესშია, რათა დარღვეული სესხის კოვენანტებისთვის მოიპოვოს უფლებაზე უარის თქმის დოკუმენტი და დაფაროს სესხი თავდაპირველი გრაფიკის მიხედვით. რადგან ჯგუფი სესხის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით დასაფარად საჭირო საკმარისი ოდენობის ფულად ნაკადებს გამოიმუშავებს, ხელმძღვანელობას სჯერა, რომ გონივრულად სარწმუნოა, რომ კრედიტორი არ გამოიყენებს მის უფლებას მოითხოვოს დაუფარავი სესხის მთლიანი ოდენობის ნაადრევი დაფარვა.

ხელმძღვანელობა საქართველოს მთავრობასთან განიხილავს გაზის გასაყიდი ფასის ცვლილებას, რათა მომავალში სესხის კოვენანტები აღარ დაირღვეს. ამასთანავე, საქართველოს მთავრობამ გამოსცა მხარდაჭერის წერილი, რომელშიც ის აცხადებს, რომ მზად არის ახლო მომავალში უზრუნველყოს „ჯგუფის“ ფინანსური მხარდაჭერა, რაც აუცილებელია ჯგუფის საოპერაციო არსებობის გაგრძელებისათვის, იმ შემთხვევაში თუ დარღვეული კოვენანტების გამო კრედიტორი გამოიყენებს სესხის ნაადრევი დაფარვის უფლებას. რადგან ჯგუფი საქართველოს მთავრობისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს, ხელმძღვანელობა თვლის, რომ სესხის ნაადრევი დაფარვის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ჯგუფის მხარდაჭერას, მანამ სანამ დაფინანსების სხვა წყარო არ იქნება მოძიებული.

ზემოაღნიშნულის მიხედვით, ჯგუფის ხელმძღვანელობამ დაასკვნა, რომ არ არსებობს არსებითი განუსაზღვრელობა, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ეჭვის ქვეშ დააყენოს ჯგუფის უნარი განაგრძოს ფუნქციონირება როგორც ფუნქციონირებადმა საწარმომ,”- ნათქვამია ნავთობისა და გაზის კორპორაციის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშში.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2023 წელს საქართველოს მთავრობა ერთჯერადი ფინანსური ინექციის სახით ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის 200 მილიონი ლარის სესხებას გეგმავს. სავარაუდოდ, სწორედ ამ სესხს აღნიშნავს ფინანსურ ანგარიშში გაკეთებული ჩანაწერი, რომ სახელმწიფო მზად არის ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოს GOGC-ის,"- ნათქვამია დოკუმენტში. 

საკითხთან დაკავშირებით BMG-იმ GOGC-ის მიმართა, სახელმწიფო კორპორაციის განმარტებას მკითხველს მიღებისთანავე შევთავაზებთ. 

“ჯვარედინი დეფოლტი”

“საპარტნიორო ფონდის” საკუთრებაში არსებული უმსხვილესი კომპანიის სესხის პირობის დარღვევამ თავად კორპორაციის სხვა სესხის “ჯვარედინი დეფოლტი” განაპირობა.

“2021 წლის 31 დეკემბრისთვის, ფონდის შვილობილმა კომპანიამ სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ", დაარღვია ფინანსური და არაფინანსური კოვენანტები EBRD-ის სესხთან დაკავშირებით, რამაც კრედიტორს საშუალება მისცა სესხის მოთხოვნისთანავე დაფარვა მოეთხოვა

EBRD-ის სესხის ზემოაღნიშნული კოვენანტების დარღვევამ "Credit Europe Bank N.V."-სგან აღებული სესხის ჯვარედინი დეფოლტი გამოიწვია. სასესხო ხელშეკრულების პირობების მიხედვით, როდესაც სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცის" (100%-იანი შვილობილი კომპანია) ან სს "საქართველოს რკინიგზის“ (100%-იანი შვილობილი კომპანია) ნებისმიერ კრედიტორს, დეფოლტის შემთხვევის შედეგად, ენიჭება ფინანსური დავალიანების ვადადამდგარად გამოცხადების და მისი მოთხოვნის უფლება შეთანხმებულ დაფარვის ვადაზე ადრე, "Credit Europe Bank N.V."-ც ასევე უფლებამოსილია სესხის მოთხოვნისთანავე დაფარვა მოითხოვოს.

დარღვევის შედეგად, სესხის მთლიანი დაუფარავი ოდენობა კლასიფიცირდა როგორც მოკლევადიანი, რამაც 2021 წლის 31 დეკემბრისთვის, ფონდის მოკლევადიანი ვალდებულებების მოკლევადიან აქტივებთან შედარებით 75,835 ათასი ლარის ოდენობით ზედმეტობა გამოიწვია.

საანგარიშგებო თარიღის შემდეგ, ხელმძღვანელობამ "Credit Europe Bank N.V."-სგან მოიპოვა უფლებაზე უარის თქმის დოკუმენტი დარღვეული სესხის კოვენანტებისთვის და სესხის თავდაპირველი გრაფიკის მიხედვით დაფარვისათვის. რადგან ფონდი და მისი შვილობილი კომპანიები, სესხის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად დაფარვისთვის, საკმარის ფულადი სახსრების ნაკადებს გამოიმუშავებენ.

ზემოაღნიშნულის მიხედვით, ფონდის ხელმძღვანელობამ დაასკვნა, რომ არ არსებობს არსებითი განუსაზღვრელობა, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ეჭვის ქვეშ დააყენოს ფონდის უნარი განაგრძოს ფუნქციონირება როგორც ფუნქციონირებადმა საწარმომ.

2021 წლის სექტემბერში, ფონდმა მიიღო 32,000 ათასი ევროს ოდენობით სესხი (116,572 ათასი ლარის ეკვივალენტური) საერთაშორისო ბანკისგან "Credit Europe Bank". ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სესხი უნდა იქნეს დაფარული 2023 წლის სექტემბერში. 2021 წლის 31 დეკემბრისთვის, "ჯვარედინ დეფოლტთან" დაკავშირებული არაფინანსური კოვენანტი იქნა დარღვეული, რამაც საშუალება მისცა გამსესხებელს სესხის მოთხოვნისთანავე დაფარვა მოეთხოვა. "ჯვარედინი დეფოლტი" გამოწვეული იყო არაფინანსური კოვენანტის დარღვევით, რომელიც მოხდა "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" EBRD-ის სესხის გამო. ამასთანავე, საანგარიშგებო თარიღის შემდეგ, ფონდმა დაარღვია გამსესხებლისთვის აუდიტირებული ფასს-ების საფუძველზე მომზადებული ფინანსური ანგარიშგების მიწოდების ვადებთან დაკავშირებული სხვა არაფინანსური კოვენანტი. თუმცა, გამსესხებელმა მიაწოდა უფლებაზე უარის თქმის დოკუმენტი ფონდს,”- ნათქვამია საპარტნიორო ფონდის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები