მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარტნიორო ფონდმა სესხზე ჯვარედინი დეფოლტი განიცადა

63d298803531e
შოთა ტყეშელაშვილი
26.01.23 19:21
4826
საქართველოს საპარტნიორო ფონდმა ჯვარედინი დეფოლტი განიცადა - ამის შესახებ ფონდის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა. ჯვარედინი დეფოლტი უკავშირდებოდა Credit Europe Bank N.V-ისგან აღებულ 32 მილიონი ევროს სესხს და ის განპირობებული იყო ფონდის შვილობილი ორგანიზაცია ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ EBRD-ისგან აღებული $250-მილიონიანი სესხის პირობების დარღვევით.

საპარტნიორო ფონდის 2021 წლის ფინანსურ ანგარიშში წერია:

“2021 წლის 31 დეკემბრისთვის, ფონდის შვილობილმა კომპანიამ სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ", დაარღვია ფინანსური და არაფინანსური კოვენანტები EBRD-ის სესხთან დაკავშირებით, რამაც კრედიტორს საშუალება მისცა სესხის მოთხოვნისთანავე დაფარვა მოეთხოვა

EBRD-ის სესხის ზემოაღნიშნული კოვენანტების დარღვევამ "Credit Europe Bank N.V."-სგან აღებული სესხის ჯვარედინი დეფოლტი გამოიწვია. სასესხო ხელშეკრულების პირობების მიხედვით, როდესაც სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცის" (100%-იანი შვილობილი კომპანია) ან სს "საქართველოს რკინიგზის“ (100%-იანი შვილობილი კომპანია) ნებისმიერ კრედიტორს, დეფოლტის შემთხვევის შედეგად, ენიჭება ფინანსური დავალიანების ვადადამდგარად გამოცხადების და მისი მოთხოვნის უფლება შეთანხმებულ დაფარვის ვადაზე ადრე, "Credit Europe Bank N.V."-ც ასევე უფლებამოსილია სესხის მოთხოვნისთანავე დაფარვა მოითხოვოს.

დარღვევის შედეგად, სესხის მთლიანი დაუფარავი ოდენობა კლასიფიცირდა როგორც მოკლევადიანი, რამაც 2021 წლის 31 დეკემბრისთვის, ფონდის მოკლევადიანი ვალდებულებების მოკლევადიან აქტივებთან შედარებით 75,835 ათასი ლარის ოდენობით ზედმეტობა გამოიწვია.

საანგარიშგებო თარიღის შემდეგ, ხელმძღვანელობამ "Credit Europe Bank N.V."-სგან მოიპოვა უფლებაზე უარის თქმის დოკუმენტი დარღვეული სესხის კოვენანტებისთვის და სესხის თავდაპირველი გრაფიკის მიხედვით დაფარვისათვის. რადგან ფონდი და მისი შვილობილი კომპანიები, სესხის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად დაფარვისთვის, საკმარის ფულადი სახსრების ნაკადებს გამოიმუშავებენ.

ზემოაღნიშნულის მიხედვით, ფონდის ხელმძღვანელობამ დაასკვნა, რომ არ არსებობს არსებითი განუსაზღვრელობა, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ეჭვის ქვეშ დააყენოს ფონდის უნარი განაგრძოს ფუნქციონირება როგორც ფუნქციონირებადმა საწარმომ.

2021 წლის სექტემბერში, ფონდმა მიიღო 32,000 ათასი ევროს ოდენობით სესხი (116,572 ათასი ლარის ეკვივალენტური) საერთაშორისო ბანკისგან "Credit Europe Bank". ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სესხი უნდა იქნეს დაფარული 2023 წლის სექტემბერში. 2021 წლის 31 დეკემბრისთვის, "ჯვარედინ დეფოლტთან" დაკავშირებული არაფინანსური კოვენანტი იქნა დარღვეული, რამაც საშუალება მისცა გამსესხებელს სესხის მოთხოვნისთანავე დაფარვა მოეთხოვა. "ჯვარედინი დეფოლტი" გამოწვეული იყო არაფინანსური კოვენანტის დარღვევით, რომელიც მოხდა "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" EBRD-ის სესხის გამო. ამასთანავე, საანგარიშგებო თარიღის შემდეგ, ფონდმა დაარღვია გამსესხებლისთვის აუდიტირებული ფასს-ების საფუძველზე მომზადებული ფინანსური ანგარიშგების მიწოდების ვადებთან დაკავშირებული სხვა არაფინანსური კოვენანტი. თუმცა, გამსესხებელმა მიაწოდა უფლებაზე უარის თქმის დოკუმენტი ფონდს,”- ნათქვამია საპარტნიორო ფონდის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები