“საპარტნიორო ფონდი” მათ 2021 წლის ფინანსურ ანგარიშზე განმარტებას აკეთებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მათ არცერთ სესხზე დეფოლტი არ ჰქონიათ, ხოლო უშუალოდ ის სესხი, რომლის შესახებაც ფინანსურ ანგარიშში არის საუბარი, უკვე დაფარულია და ის ფონდმა 2022 წლის დეკემბერში გაისტუმრა.
"საპარტნიორო ფონდი" არასდროს არ ყოფილა ე.წ. დეფოლტში არც საერთაშორისო და არც ადგილობრივი ბანკისგან აღებულ სესხთან მიმართებით. მეტიც, ფონდი სარგებლობს საერთაშორისო და ადგილობივი ინვესტორებისგან მაღალი ნდობით. 2015 წელს საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის, Credit Suisse-ის ლონდონის ოფისის მეშვეობით, ფონდმა აიღო 150 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სესხი, რომელიც სრულად დაიფარა 2021 წელს. 2021 წელს ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული Credit Europe Bank-ისგან ავიღეთ 32 მლნ ევროს სესხი, რომელიც სრულად დაიფარა 2022 წლის დეკემბერში. დღეის მდგომარეობით, "საპარტნიორო ფონდს" არ აქვს არც რომელიმე საერთაშორისო და არც ადგილობრივი ბანკისგან სასეხო ვალდებულება,”- ნათქვამია საპარტნიორო ფონდის მიერ BMG-სთან გაკეთებულ განმარტებაში.
რაც შეეხება თავად ფინანსურ ანგარიშს, მასში ნათქვამია, რომ 2021 წელს ფონდის მიერ Credit Europe Bank-ისგან აღებული 32 მილიონი ევროს სესხი “ჯვარედინ დეფოლტში” აღმოჩნდა, რაც საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპანიის GOGC-ის მიერ EBRD-თან არსებული სესხის პირობების დარღვევით იყო გამოწვეული.
“2021 წლის 31 დეკემბრისთვის, ფონდის შვილობილმა კომპანიამ სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ", დაარღვია ფინანსური და არაფინანსური კოვენანტები EBRD-ის სესხთან დაკავშირებით, რამაც კრედიტორს საშუალება მისცა სესხის მოთხოვნისთანავე დაფარვა მოეთხოვა
EBRD-ის სესხის ზემოაღნიშნული კოვენანტების დარღვევამ "Credit Europe Bank N.V."-სგან აღებული სესხის ჯვარედინი დეფოლტი გამოიწვია. სასესხო ხელშეკრულების პირობების მიხედვით, როდესაც სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცის" (100%-იანი შვილობილი კომპანია) ან სს "საქართველოს რკინიგზის“ (100%-იანი შვილობილი კომპანია) ნებისმიერ კრედიტორს, დეფოლტის შემთხვევის შედეგად, ენიჭება ფინანსური დავალიანების ვადადამდგარად გამოცხადების და მისი მოთხოვნის უფლება შეთანხმებულ დაფარვის ვადაზე ადრე, "Credit Europe Bank N.V."-ც ასევე უფლებამოსილია სესხის მოთხოვნისთანავე დაფარვა მოითხოვოს.
დარღვევის შედეგად, სესხის მთლიანი დაუფარავი ოდენობა კლასიფიცირდა როგორც მოკლევადიანი, რამაც 2021 წლის 31 დეკემბრისთვის, ფონდის მოკლევადიანი ვალდებულებების მოკლევადიან აქტივებთან შედარებით 75,835 ათასი ლარის ოდენობით ზედმეტობა გამოიწვია,”- ნათქვამია საპარტნიორო ფონდის 2021 წლის ფინანსურ ანგარიშში, რომელიც დაგვიანებით, მხოლოდ ორი დღის წინ გამოქვეყნდა.
რაც შეეხება თავად საპარტნიორო ფონდს, ამჟამად მასში აღარ რჩება არცერთი მსხვილი კომპანია, გასულ წელს ფონდის შემადგენლობა დატოვა ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, ხოლო წელს მისი შემადგენლობიდან საქართველოს რკინიგზაც გავიდა.