საქართველოს მოსახლეობისთვის განკუთვნილი ბუნებრივი აირის სუბსიდირება ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაციას (GOGC) ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარი უჯდება.
მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს GOGC-ის ხარჯი ამ მიმართულებით რეკორდულად დიდი იყო და 336 მილიონ ლარს შეადგენდა, მხოლოდ 2021-2022 წლებში კი სუბსიდია 638 მილიონ ლარს შეადგენდა.
"ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" მთავრობის დავალებით მოსახლეობისთვის განკუთვნილი ბუნებრივი აირის სუბსიდირება 2013 წელს დაიწყო. მაშინ სუბსიდიის დაწყებას სამომხმარებლო ტარიფის 5 თეთრით შემცირება მოყვა, მას შემდეგ კი სუბსიდიის მიზანი მოსახლეობის გაზის ტარიფის ზრდისგან დაცვა იყო.
ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, 2018 წელს კომპანიის მიერ სოციალური სექტორისთვის გაზის სარეალიზაციო ფასზე გაკეთებული შეღავათი/სუბსიდია 1000 კუბურ მეტრზე 15 დოლარი იყო, 2019 წელს ის 25.4 დოლარამდე, 2020 წელს - 40.51 დოლარამდე გაიზარდა, 2021 წელს კი 52.5 დოლარამდე გაიზარდა.
სოციალური სექტორის სუბსიდირების გამო, GOGC-ის ფინანსური ლიკვიდობის პრობლემებიც შეექმნა, რის გამოც 2022 წელს კომპანიამ სახელმწიფოსგან 230 მილიონი ლარის მოკლევადიანი სესხი აიღო.
ნავთობისა და გაზის კორპორაცია საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც შაჰ-დენიზის კონსორციუმთან და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან გაფორმებული შეთანხმებებით, ქვეყანაში ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელია. კომპანიის საკუთრებაშია ასევე მაგისტრალური გაზსადენების სისტემაც. 2022 წელს კორპორაციამ 109 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა. ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, რომ არა გაზის ტარიფის სუბსიდია, მისი წმინდა მოგება გაცილებით მაღალი 446 მილიონი ლარი იქნებოდა. GOGC-ის გაზრდილი მოგება ახალი ენერგეტიკული პროექტის დაფინანსებაზე ან ბიუჯეტში მის დივიდენდად მიმართვაზე შეიძლება დახარჯულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიის მიუღებელი შემოსავალი გაზის ტარიფის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებას მოხმარდა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2022 წელს კორპორაციის შემოსავლები ასე ნაწილდებოდა:
- ბუნებრივი აირის რეალიზაცია - 912 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 265 მლნ ლარი;
- ელექტროენერგიის რეალიზაცია - 361 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 9 მლნ ლარი;
- ბუნებრივი აირის მილსადენების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი - 44.5 მილიონი ლარი, უცვლელია;
- ბაქო-სუფსის მილსადენების ოპერირების საკომისიო შემოსავალი - 6.3 მლნ ლარი, კლება 21 მლნ;
- ნედლი ნავთობის რეალიზაცია - 29 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 4 მლნ ლარი.
გაზის ტარიფის ‘ფარული სუბსიდიის’ მნიშვნელობაზე BMG Talks-ის ეთერში გასულ წელს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ისაუბრა, რომლის თქმითაც, რომ არა კორპორაციის მიერ გაწეული დანახარჯი, მოსახლეობისთვის გაზის საფასური “გაცილებით მაღალი” იქნებოდა.