ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაციამ (GOGC) 2023 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ პერიოდის განმავლობაში მოგების ნაცვლად 22.2 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კორპორაცია 30.2 მილიონი ლარის მოგებაზე იყო.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კორპორაციამ 812 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წელს არსებულთან შედარებით 123 მილიონით მეტია.
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაცია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომლის საკუთრებასაც მაგისტრალური გაზსადენების სისტემა, ასევე თბოსადგურები წარმოადგენს. კომპანია ასევე იღებს შემოსავალს ბაქო-სუფსას მილსადენის ოპერატორისგან. GOGC-ი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან, ასევე შაჰ-დენიზის კონსორციუმთან გაფორმებული კონტრაქტების მეშვეობით საქართველოში ბუნებრივი აირის უმთავრესი მომწოდებელია. თავად კორპორაცია სოციალურ სექტორზე (მოსახლეობაზე) ბუნებრივ აირს შესასყიდზე დაბალ ფასად ყიდის, რაც კომპანიას ათობით მილიონი ლარის სუბსიდია უჯდება. გაზის რეალიზაციასთან ერთად კომპანია მნიშვნელოვან შემოსავალს იღებს მის საკუთრებაში არსებული თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რეალიზაციიდანაც.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წლის პირველ ნახევარში კორპორაციის შემოსავლები ასე ნაწილდებოდა:
- ბუნებრივი აირის რეალიზაცია - 634 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 181 მლნ ლარი;
- ელექტროენერგიის რეალიზაცია - 153 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 42 მლნ ლარი;
- ბუნებრივი აირის მილსადენების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი - 22 მილიონი ლარი, უცვლელია;
- ბაქო-სუფსის მილსადენების ოპერირების საკომისიო შემოსავალი - 0.9 მლნ ლარი, კლება 5.1 მლნ ლარი.
რაც შეეხება კორპორაციის ხარჯებს, მათ შორის პირველ ადგილზეა ბუნებრივი აირის შესყიდვის ხარჯი, რომელსაც კომპანია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას და შაჰ-დენიზის კონსორციუმს უხდის. წელს ეს ხარჯი 88 მილიონი ლარით გაიზარდა და 777 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიის ცვეთის ხარჯი 31 მილიონი ლარი იყო, თანამშრომელთა ხელფასებზე 19 მილიონი მიიმართა, გადასახადებზე კი 5.4 მილიონი ლარი.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, კორპორაციის აქტივების მოცულობა 1.8 მილიარდი ლარია, მისი ვალდებულებები კი 826 მილიონ ლარს შეადგენს.