რკინიგზის მიერ აღებული ახალი ვალი ორგანიზაციის მიერ 2012 წელს გამოშვებული ევრობონდების რეფინანსირებისთვისაა განკუთვნილი. 10 წლის წინ გამოშვებული ბონდების განაკვეთი 7.5% იყო, შესაბამისად, ახალი ვალის განაკვეთი თითქმის ორჯერ დაბალია. ამასთან, ახალი ევრობონდის დაფარვის ვადა 7 წელს შეადგენს. ამ პირობების თანახმად, კომპანიამ კუპონის სახით წელიწადში $20 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს, რაც წინა ობლიგაციის დროს წლიურად გადახდილ თანხასთან შედარებით $18 მილიონით ნაკლებია.
"ეს არის საქართველოს რკინიგზისა და საქართველოსთვის საეტაპო შეთანხმებაა. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ მონაწილეობას ვიღებთ ამ წარმატებული მწვანე ობლიგაციის განთავსებაში. EBRD გეგმავს მწვანე დაფინანსების გაზრდას რეგიონში, რათა დაეხმაროს ქვეყნებსა და ბიზნესებს ნულოვან ემისიაზე გადასვლის პროცესში,"- განაცხადა ეკატერინა მიროშნიკმა, EBRD–ის დირექტორმა და ინფრასტრუქტურა ევრაზიის ხელმძღვანელმა
"საქართველოსა და კავკასიის რეგიონში პირველად, სატრანსპორტო კომპანიამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოუშვა 500 მილიონი დოლარის მწვანე ობლიგაცია. რეფინანსირების შედეგად, საპროცენტო სარგებელი 7.75%-ის ნაცვლად განვახორციელეთ 4%-ში. კომპანია დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ნაცვლად, წელიწადში 20 მილიონ დოლარს გადაიხდის, დაზოგილი თანხა კი, რა თქმა უნდა, კომპანიის განვითარებას მოხმარდება. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს რკინიგზის გუნდს და ტრანზაქციაში ჩართულ ყველა პარტნიორს“ - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე.
ობლიგაციების გამოშვებამდე "საქართველოს რკინიგზას" საკრედიტო რეიტინგი საერთაშორისო სააგენტო Fitch-მა მიანიჭა. ორგანიზაციის შეფასებით, რკინიგზის რეიტინგი ამჟამად "BB მინუსს" შეადგენს.
რაც შეეხება თავად რკინიგზის ფინანსურ მდგომარეობას, კომპანია ბოლო რამდენიმე წელია სოლიდურ ზარალზეა. ზარალიანი იყო 2021 წლის პირველი კვარტალიც, როდესაც კომპანიამ 54 მილიონი ლარით იზარალა. 2020 წელს კი კომპანიის ზარალი 164 მილიონი იყო.
"საქართველოს რკინიგზის" 100%-იანი წილი "საპარტნიორო ფონდის" საკუთრებაა, რომელიც თავის მხრივ 100%-ით საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის. 2020 წელს კომპანიის შემოსავალმა 489.4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 0.3%-ით ნაკლები იყო. ამასთან, 2020 წელს კომპანიის ზარალმა 164.6 მილიონი ლარი შეადგინა. 2019 წელს კი ზარალი 5.6 მილიონი ლარი იყო.




























