მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში | 23 თებერვალი - 1 მარტი

ეკონომიკა

23 თებერვალი - 1 მარტის კვირა როგორ ეკონომიკურად ისე ბიზნესურად აქტიური იყო. კვირის დასაწყისში მთავრობამ “შრომის ბაზრის კვლევის” შედეგები წარადგინა, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში “ერთი ფაკულტეტი - ერთი ქალაქის” პრინციპით უნივერსიტეტებში ფაკულტეტების კვოტების განაწილება დაეფუძნა. 24 თებერვალსვე გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ორი ქართული ტელევიზია “იმედი” და PosTV დაასანქცირა. კვირის ბოლოსთვის კი ცნობილი გახდა, იანვარში ქვეყნის ეკონომიკა 7.9%-ით გაიზარდა, EBRD-მა კი საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. ამასთან, Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა.

გთავაზობთ, კვირის ამ და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში:

  • იანვარში ეკონომიკა 7.9%-ით გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.9% შეადგინა. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და ვაჭრობის სექტორში.

საქსტატის მონაცემებით, იანვარში ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 5 423 იყო, რაც წლის ჭრილში 0.3%-იანი კლებაა. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 12.9 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 5.9%-იანი წლიური ზრდაა.

  • EBRD-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გაზარდა

EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა და 0.5 პროცენტული პუქტით 5.5%-მდე გაზარდა, ხოლო 2027 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ით განსაზღვრა.

"უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და განახლებადი ენერგიის სფეროებში ფლაგმანური საინვესტიციო პროექტების განხორციელებამ შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი ზრდა გამოიწვიოს, თუმცა ძირითად ეკონომიკურ პარტნიორებთან დაძაბულობამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს პერსპექტივაზე", - წერს EBRD საქართველოსთან დაკავშირებით.

რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპა და კავკასიის რეგიონის პროგნოზს, ის 1.5 პროცენტული პუნქტი შემცირდა და 2.9%-ს შეადგენს. პუბლიკაციის მიხედვით, სომხეთი და საქართველო აგრძელებენ სტაბილურ ზრდას, მაშინ როდესაც აზერბაიჯანის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შენელდა გასულ წელს.

  • მთავრობამ “შრომის ბაზრის კვლევის” პრეზენტაცია გამართა

24 თებერვალს, მთავრობის ადმინისტრაციაში შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის საფუძველზეც ხელისუფლებამ, უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება განსაზღვრა.

კვლევამ აჩვენა, რომ საჯარო და კერძო სექტორში უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალაზე მოთხოვნა 5-წლიან პერსპექტივაში ჯამში 64 095 ადამიანს შეადგენს. ამასთან, შემდგომ 5 წელიწადში მოსალოდნელია 99 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. 2026 წელს კი კერძო სექტორში დაახლოებით 26 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. შესაბამისად, პროგნოზია, რომ კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მიმდინარე წელს 960 ათასამდე გაიზრდება, ხოლო 2030 წლისთვის 1 მილიონს გადააჭარბებს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მსგავსი კვლევები ქვეყანაში 2017 წლიდან მოყოლებული ტარდებოდა. „უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის" კვლევის ფარგლებში 12 500 საწარმო გამოიკითხა. კვლევის ჩატარებაში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 153 ინტერვიუერი მონაწილეობდა. შედეგები კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გააანალიზა. კვლევის ცდომილება ქვეყნის დონეზე ≤ 0.49%-ია. ასევე, 2025 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა საჯარო სექტორში სამუშაო ძალაზე მოთხოვნის კვლევა, რომელმაც ყველა სახელმწიფო უწყება, ორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოიცვა.

  • დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიები “იმედი” და PosTV დაასაქნცირა

რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ორი ქართული ტელევიზია Postv და "იმედი" დაასანქცირა. როგორც ბრიტანეთის მთავრობის გვერდზეა გამოქვეყნებული ისინი რუსეთთან დაკავშირებული სასანქციო რეგულაციებით დასანქცირდნენ. სანქციები მოიცავს: აქტივების გაყინვას, ტრასტის მომსახურების აკრძალვას და დირექტორის უფლებამოსილების ჩამორთმევის (დისკვალიფიკაციის) სანქციას.

აღსანიშნია, რომ ტელევიზიების სანქცირებამდე თითქმის 18 დღით ადრე, 6 თებერვალს ტელეკომპანია იმედი და იმედის ჰოლდინგი, რომელშიც ასევე GDS-იც შედის, ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგმა კომპანია "პრაიმ მედია გლობალზე" 1000 ლარად გაასხვისა.

იანვრის ბოლოს კი “პოსტვ”-ის ერთ-ერთმა მფლობელმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ 52%-იანი წილის მართვა ზაზა მარიდაშვილს გადააბარა.

ტელეკომპანიების სანქცირებასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება 25 თებერვალს გავრცელდა. ნათია თურნავამ განაცხადა, რომ თუ საერთაშორისო სანქციებსა და ქართულ კანონებს შორის წინააღმდეგობა გაჩნდება, ბანკები ვალდებულები არიან, ადგილობრივ წესებს დაემორჩილონ.

  • “იმედის ბანკი” - სანქცირებული “ტელეიმედი” საკუთარი ბანკის შექმნას აანონსებს

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ტელეკომპანია „იმედი“, ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლების, ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით საკუთარი ბანკის შექმნის შესახებ აცხადებს, რომლის სახელწოდება „იმედის ბანკი“ იქნება. „იმედის“ ფეისბუქგვერდით გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „იმედს“ არანაირი ფინანსური პრობლემა არ ექმნება. მათივე განცხადებით, კომერციული ბანკები მზად არიან მათ მომსახურება გაუწიონ, თუმცა მათ არ სურთ რომელიმე მათგანის დარტყმის ქვეშ დაყენება.

  • Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა (Ba2) უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. Moody’s-ი აღნიშნავს, რომ საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა (Ba2) უარყოფითიდან სტაბილურამდე შეიცვალა, რაც ქვეყნის მაკროეკონომიკურ სიძლიერეს, პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ რისკებს შორის ბალანსს ასახავს. Moody’s-ი ელის, რომ 2026 და 2027 წლებში რეალური მშპ-ს ზრდა დაახლოებით 5.5% იქნება, რაც ხელს შეუწყობს ძლიერ საკრედიტო აქტივობასა და ჯანსაღ ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას.

რაც შეეხება ქვეყნის სუვერენულ რეიტინგს, გასული წლის მარტში საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი Ba2 დონეზე უცვლელად დატოვა, თუმცა მისი პერსპექტივა "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა.

  • იანვარში საქართველოში ბანკების მოგება 19%-ით გაიზარდა

იანვარი კომერციულმა ბანკებმა 283.3 მლნ ლარის წმინდა მოგებით დახურეს, რაც წლის ჭრილში 19%-იანი ზრდაა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების თანახმად, 19 კომერციული და მიკრობანკიდან მოგებაზე 15 იყო, ხოლო ზარალი 4-მა ბანკმა აჩვენა ("ჰეშბანკი", "პეისერა", "ვითიბი" და "სილქ ბანკი").

მოგებიანობით პირველ ადგილზე "საქართველოს ბანკი" 149 მლნ ლარითაა, მეორე ადგილზეა "თიბისი" 102.3 მლნ ლარის მოგებით, მესამე ადგილს კი 9.2 მლნ ლარით "ლიბერთი" იკავებს. ხუთეულში შედის “ბაზის ბანკი”, რომლის წმინდა მოგება 8.4 მლნ ლარს შეადგენდა და “კრედო ბანკი” 6.7 მლნ ლარით.

  • იანვარში, კომერციული ბანკების სასესხო პორტფელი ₾70 მილიარდს აღემატებოდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სესხების მიმდინარე ტენდენციის მიხედვით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 2026 წლის იანვრის ბოლოსათვის 70.40 მილიარდი ლარი შეადგინა. რაც 531.81 მილიონი ლარით (0.75%-ით) ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.86%-ით ნაკლები). სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 13.35% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 331.60 მლნ ლარით (0.81%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 200.21 მლნ ლარით (0.67%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.93%-ით).

  • იანვარში ქართულ ბანკებში ₾66.8 მილიარდის დეპოზიტებია განთავსებული

საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2026 წლის იანვრის ბოლოსათვის 66.83 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 116.73 მილიონი ლარით, 0.17%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.23%-ით ნაკლები). წლის ჭრილში კი დეპოზიტების მოცულობა იანვარში, 15.81%-ით გაიზარდა. იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 687.72 მილიონი ლარით გაიზარდა, ანუ 2.21%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.20%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 804.46 მილიონი ლარით, ანუ 2.24%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 2.35%-ით).

2026 წლის იანვრის ბოლოსათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი 52.62% იყო. თვის ჭრილში დეპოზიტების ლარიზაცია 0.35 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.38 პროცენტული პუნქტით) გაიზარდა.

  • “ენგურჰესში” რეორგანიზაციაა

„ენგურჰესში“, რომლის 100%-იანი მფლობელი ეკონომიკის სამინისტროა, რეორგანიზაცია მიმდინარეობს. BMG-ის სახელმწიფო კომპანიაში დასაქმებულმა რამდენიმე ადამიანმა განუცხადა, რომ რეოგრანიზაციის ფარგლებში 400-დან 500-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას აპირებენ“. მათივე ცნობით, რეორგანიზაცია, ძირითადად, იმ ადამიანებს შეეხებათ, რომლებიც გალის რაიონში ცხოვრობენ.

ეკონომიკის სამინისტროში სახელმწიფო კომპანია „ენგურჰესში“ რეორგანიზაციას ადასტურებენ, თუმცა 400-500 ადამიანის შესაძლო გათავისუფლებას - არა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ენერგეტიკის დარგის კურატორი ინგა ფხალაძე BMG-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ რეორგანიზაციის მიზანი სახელმწიფო საწარმოს ეფექტიანობის გაზრდა და კადრების განახლებაა. მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც რეორგანიზაციის შედეგად სამსახურის დატოვება მოუწევთ, სახელმწიფო არ დატოვებს.

  • თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის ₾932-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი მაგისტრალური გზის მესამე ლოტის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. პროექტი ავჭალა–აეროპორტის 22.5-კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს. შესყიდვის სავარაუდო ჯამური ღირებულება 932.02 მლნ ლარს შეადგენს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გამოცხადებული ტენდერი ორი ძირითადი სეგმენტის მშენებლობას გულისხმობს:

  • ავჭალა–გლდანის 5.8-კილომეტრიანი მონაკვეთი;
  • გლდანი–აეროპორტის 16.7-კილომეტრიანი მონაკვეთი.

გეგმის მიხედვით, მაგისტრალი იქნება 4-ზოლიანი და მოიცავს რთულ საინჟინრო ნაგებობებს: 16 ხიდს, 4 პარალელურ გვირაბსა და 4 სატრანსპორტო კვანძს. გზა სათავეს ავჭალის სარკინიგზო ხიდთან იღებს, მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით და დიდი ლილოს შესასვლელთან, ლილოს ბაზრობამდე სრულდება.

  • საქართველოს რკინიგზამ 120 სატვირთო ვაგონის შესასყიდად ₾17.4-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს რკინიგზამ 17.4 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რომლითაც 120 ცალი სატვირთო ვაგონის შესყიდვა უნდა მოხდეს. ტენდერის თანახმად, ვაგონები, ასევე მისი დეტალები 2026 წელს უნდა იყოს წარმოებული. შესაბამისად, ერთი ვაგონის ღირებულება დაახლოებით 144,988 ლარი იქნება. ტენდერში წინადადებების წარდგენა 16 მარტამდე იქნება შესაძლებელი.

ანალოგიური შესყიდვა რკინიგზამ 2025 წლის ნოემბერშიც გამოაცხადა, თანაც მაშინ შესასყიდი ფასი 20.1 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა მონაწილეთა დისკვალიფიკაციის გამო ტენდერი შეწყდა და ახლა თავიდან გამოცხადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები