მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ენგურჰესში" რეორგანიზაციაა... 500-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას აპირებენ“ - "ენგურჰესში" დასაქმებული

ენგურჰესი

„სახელმწიფო შპს „ენგურჰესიდან“, რეორგანიზაციის ფორმით, 400-დან 500-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას აპირებენ“ - აღნიშნული ინფორმაცია BMG-ის სახელმწიფო კომპანიაში დასაქმებულმა რამდენიმე ადამიანმა მიაწოდა.

„ენგურჰესის“ თანამშრომლები, რომლებიც BMG-ის ანონიმურობის დაცვის პირობით დაუკავშირდნენ, აცხადებენ, რომ სახელმწიფომ კომპანიაში დანიშნა ახალი ფინანსური დირექტორი ირაკლი ინაშვილი, რომელსაც რეორგანიზაციის ფორმით კომპანიიდან 500-მდე დაქირავებულის გათავისუფლება დაევალა.

„ამ ყველაფერს აქვს იძულებითი ფორმა და აიძულებენ, [აპრილის ბოლომდე], თავიანთი ნებით დაწერონ განცხადება წასვლის შესახებ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე... გეოპოლიტიკური გარემოების გათვალისწინებით, რეორგანიზაციის ფორმით მასობრივად გათავისუფლების საკითხი არ შეიძლება განიხილოს მხოლოდ ადმინისტრაციულ ან ფინანსურ კონტექსტში, რადგან ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი.

მოგეხსენებათ, შპს „ენგურჰესის“ გენერატორები და მთავარი სამუშაო ნაწილი და ტურბინები მდებარეობს გალის რაიონში, სოფელ საბერიოში, აფხაზეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ამჟამად არის ერთადერთი ობიექტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც მოქმედებს ქართული კანონმდებლობა და რის გამოც ომის პერიოდში უამრავი ადამიანი სიცოცხლის ფასად დაბრუნდა თავიანთი ეროვნების შესანარჩუნებლად სახლში“, - განუცხადა bm.ge-ის ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელიც „ენგურჰესშია“ დასაქმებული და იქვე დასძინა, რომ „ენგურჰესში“ დასაქმებული 1 100-მდე ადამიანიდან, 70%-80% აფხაზეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს.

მისი თქმით, სახელმწიფო საწარმოში დასაქმებულები, ობიექტური მიზეზების გამო, თავს იკავებენ იდენტიფიცირებისგან, მაგრამ საქართველოს მთავრობას მიმართავენ და მოუწოდებენ, გაითვალისწინონ, რომ ეს გადაწყვეტილება სცდება მხოლოდ ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ ფორმებს.

BMG-მ შესაბამისი კითხვებით უკვე მიმართა როგორც „ენგურჰესის“ მენეჯმენტს, ისე ეკონომიკის სამინისტროს და წერილობით ელოდება პასუხებს, თუმცა ჩვენ დავუკავშირდით ენერგეტიკის სფეროში მინისტრის კურატორ მოადგილეს - ინგა ფხალაძემ „ენგურჰესში“ რეორგანიზაციის მიმდინარეობა დაგვიდასტურა, მაგრამ 400-500 ადამიანის შესაძლო გათავისუფლება - არა. ინგა ფხალაძის განმარტებით, რეორგანიზაციის მიზანი სახელმწიფო საწარმოს ეფექტიანობის გაზრდა და კადრების განახლებაა. მინისტრის მოადგილე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს თანამშრომლებს კომპენსაციის გარეშე აიძულებენ წასვლას. ამასთან, ჟურნალისტის რეპლიკაზე - ვინაიდან "ენგურჰესში" დასაქმებულთა უმრავლესობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე (გალის რაიონი) მცხოვრები ქართველები არიან და სამსახურის დაკარგვა მათთვის რეგიონის დატოვების რისკს ქმნის, ამაზე მინისტრის მოადგილის პოზიციაა, რომ სახელმწიფო აცნობიერებს "ენგურჰესის", როგორც აფხაზეთში „ქართული სულის“ შენარჩუნების ინსტრუმენტის მნიშვნელობას; თუმცა, მისი თქმით, „ელექტროენერგიის ტარიფიდან“ არ უნდა ხდებოდეს ამ სოციალური ფუნქციის სუბსიდირება. ამისთვის სხვა სახელმწიფო უწყებები ჩაერთვებიან, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებზე იზრუნებენ.

შპს „ენგურჰესის“ თანამშრომელთა ნაწილის გზავნილებს BMG უცვლელად გთავაზობთ:

„ეს არიან ის ადამიანები, რომლებმაც ომის პერიოდში, სიცოცხლის ფასად იმუშავეს, რათა ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩენილიყო, რომლებიც კეთილდღეობის ფასად დაბრუნდნენ, რათა შეენარჩუნებინათ ეროვნულობა თავიანთ მიწა-წყალზე, იცხოვრეს გაჭირვებით, უუფლებოდ, შეზღუდულად, უხმოდ და შიშით, აღზარდეს შვილები და ჩუმად ასწავლეს ქართული, საქართველოს ისტორია და მთელი გულით შეაყვარეს საქართველო, ჩუმად ებრძოდნენ და უძლებდნენ ყოველდღიურ შევიწროებას, გაწირეს და უარი თქვეს თავისუფალ ცხოვრებაზე ეროვნულობისთვის და იცხოვრეს ისეთ პირობებში, სადაც აზრის დაფიქსირების უფლება არ ჰქონიათ, აიძულებდნენ დაევიწყებინათ თავიანთი ენა და მთავარი საფიქრალი იყო გადარჩენა...

ამ ადამიანებს, ახლა, როცა ცხოვრების უმეტესი ნაწილი ასე აქვთ გატარებული, ფაქტობრივად, საწარმოს ახალი მენეჯმენტი ათავისუფლებს სამსახურიდან. თან ამ ყველაფერს აქვს იძულებითი ფორმა და აიძულებენ თავიანთი ნებით დაწერონ განცხადება წასვლის შესახებ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.

ეს ადამიანები რჩებიან ყველაფრის გარეშე, რადგან იმ ტერიტორიაზე არ არსებობს სხვა ობიექტი, სადაც შეძლებენ დასაქმებას და გამოიმუშავებენ საარსებო მინიმუმისთვის დამაკმაყოფილებელ ანაზღაურებას.

აქვე, დასაქმებულთა 90%-ს აქვს საბანკო ვალდებულებები, რომელთაც ფარავდნენ ხელფასით, უმეტესობას აქვს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა და კომპანია უზრუნველყოფდა დაზღვევით, რაც ნაწილობრივ ეხმარებოდათ მათ მკურნალობაში.

შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ განაპირობებს სოფლების დაცლას, თან დაცლას ქართველებისგან. ეს უკვე აღარ არის უბრალოდ შრომითი დავა. ეს არის დემოგრაფიული, სოციალური და ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. ეს ადამიანები იყვნენ და არიან ცოცხალი ხიდი საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის.

„ენგურჰესი“ არ არის ჩვეულებრივი საწარმო. ის არის ერთადერთი, ბოლო ქართული ინსტიტუციური ყოფა აფხაზეთის ტერიტორიაზე.

თუ იქ დასაქმებული ქართველები იძულებით დატოვებენ სამუშაო ადგილებს, ეს ნიშნავს, რომ მეორედ დევნიან ხალხს თავიანთი სახლებიდან, ამჯერად ამას სახელმწიფო აკეთებს, და თან „მშვიდობიანი“ და „ეკონომიკური“ ფორმით.

მოვუწოდებთ და ვთხოვთ, საქართველოს მთავრობას, შპს „ენგურჰესის“ მენეჯმენტს და შესაბამის სამინისტროებს, გაითვალისწინონ, რომ ეს გადაწყვეტილება სცდება მხოლოდ ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ ფორმებს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასაქმებული თითოეული ქართველი წარმოადგენს არა მხოლოდ თანამშრომელს, არამედ სახელმწიფოს ტერიტორიული ერთიანობის ერთადერთ იმედსა და სიმბოლოს.

დღეს საკითხი დგას ასე: ვინარჩუნებთ ადამიანებს, თუ ვკარგავთ აფხაზეთს სამუდამოდ და ამჯერად უხმაუროდ, ომის გარეშე. ეს არჩევანი მხოლოდ მენეჯმენტის საკითხი აღარ არის. ეს არის სახელმწიფოს არჩევანი“, - აცხადებენ „ენგურჰესში“ დასაქმებულები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები