მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EBRD-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გაზარდა

მშპ

EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა და ელის, რომ წელს ქვეყნის ეკონომიკა 5.5%-მდე გაიზრდება, ხოლო 2027 წელს 5%-ით.

თებერვალში გამოქვეყნებული უახლესი პუბლიკაციის თანახმად, საქართველოსთან მიმართებით პროგნოზი 0.5 პროცენტული პუნქტითაა გაუმჯობესებული.

"უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და განახლებადი ენერგიის სფეროებში ფლაგმანური საინვესტიციო პროექტების განხორციელებამ შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი ზრდა გამოიწვიოს, თუმცა ძირითად ეკონომიკურ პარტნიორებთან დაძაბულობამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს პერსპექტივაზე",- წერს EBRD საქართველოსთან დაკავშირებით.

რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპა და კავკასიის რეგიონის პროგნოზს, ის 1.5 პროცენტული პუნქტი შემცირდა და 2.9%-ს შეადგენს. ქვეყნების მიხედვით კი 2026 წლის პროგნოზები ასეთია:

  • სომხეთი - ეკონომიკური ზრდა 5.5%, გაუმჯობესება 1 პროცენტული პუნქტით;
  • აზერბაიჯანი - ეკონომიკური ზრდა 2%, გაუარესება 0.5 პროცენტული პუნქტით;
  • მოლდოვა - ეკონომიკური ზრდა 3%, გაუარესება 0.8 პროცენტული პუნქტით;
  • უკრაინა - ეკონომიკური ზრდა 2.5%, გაუარესება 2.5 პროცენტული პუნქტით.

პუბლიკაციის მიხედვით, სომხეთი და საქართველო აგრძელებენ სტაბილურ ზრდას, მაშინ როდესაც აზერბაიჯანის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შენელდა გასულ წელს.

"რეგიონის მოკლევადიანი პერსპექტივები კვლავ ძალიან გაურკვეველია, რაც დამოკიდებულია სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგებზე და საზღვრისპირა თანამშრომლობისა და რეგიონული კავშირის ხელშეწყობის ძალისხმევის პროგრესზე",- აღნიშნავს EBRD.

თურქეთის შემთხვევაში უახლესი პროგნოზი 4%-იანი ზრდაა, რაც 0.5 პროცენტულ პუნქტიან გაუმჯობესებას წარმოადგენს. რუსეთის შემთხვევაში კი 0.8%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით გაუარესებული მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით დაგეგმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები