მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, ბანკს მომდევნო 4 წელი ოდილ რენო-ბასო უხელმძღვანელებს

5f7f0ad489f9f
შოთა ტყეშელაშვილი
08.10.20 16:36
2223
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველთა საბჭომ ორგანიზაციის ახალ პრეზიდენტად ოდილ რენო-ბასო აირჩია. EBRD-ის პრეზიდენტის არჩევნებში სულ სამი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას, მათგან ერთადერთი ქალი სწორედ ის იყო. 

ამ დრომდე ოდილ რენო-ბასო საფრანგეთის სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. ოდილ ბასო 2016 წლამდე საფრანგეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის - Caisse des dépôts et consignations-ს ხელმძღვანელობდა. უფრო ადრე კი ის ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოში სხვადასხვა აღმასრულებელ თანამდებობას იკავებდა.

EBRD-ის პრეზიდენტის არჩევნებში მისი კონკურენტები იყვნენ:

● თადეუშ კოშინსკი, რომელიც ამჟამად პოლონეთის ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებს. კოშინსკი 2019 წელს გახდა ფინანსთა მინისტრი, იქამდე ის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 1997-2015 წლებში კი ის ესპანური Santander Bank-ის პოლონურ მიმართულებას ხელძღვანელოდა;

● პიერ კარლო პადოანი, რომელიც ამჟამად იტალიის პარლამენტის წევრია. პადოანი 2014-2018 წლებში იტალიის ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა. 2007 წელს მან OECD-ის გენერალური მდივნის მოადგილის პოსტი დაიკავა, 2009 წელს კი პარალელურად ამავე ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტიც გახდა. 2001-2005 წლებში კი საერთაშორისო სავალუტო ფონდში, რამდენიმე ქვეყნის მიმართულებას ხელმძღვანელობდა;

ივლისში სერ სუმა ჩაკრაბარტმა პრეზიდენტობის ორი ვადის დასრულების შემდეგ,  დაკავებულ პოსტი დატოვა. მან EBRD-ის პრეზიდენტის არჩევნებში 2012 და 2016 წლებში გაიმარჯვა. 3 ივლისიდან კი ბანკს დროებითი მმართველის რანგში 
იურგენ რიგტერინკი ხელმძღვანელობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები