მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ECB-ს პრეზიდენტი, კრისტინ ლაგარდი ვადის ამოწურვამდე გადადგომას არ აპირებს

კრისტინ ლაგარდი

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა კატეგორიულად უარყო ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ვადაზე ადრე, 2027 წლის ოქტომბრამდე გადადგომას აპირებდა.

მისი თქმით, ის პოსტზე საკუთარი მანდატის სრულად ამოწურვამდე დარჩება. როგორც ლაგარდმა მედიას განუცხადა, ახლა ის ევროპის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტის ღირსეულად მართვაზე და კონტინენტზე ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაზეა კონცენტრირებული. მედიის ინფორმაციით, ლაგარდმა ECB-ში მის კოლეგებს დაუდასტურა, რომ თუ გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებს, ამას არა უცხოური პრესისგან, არამედ პირადად მისგან შეიტყობენ.

ევროზონის მთავარმა ფინანსისტმა გავრცელებული სპეკულაციური ცნობის პირველწყაროს, Financial Times-ის კრიტიკისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ის ევროს დაცვასა და მისი სიმყარის შენარჩუნებაზე თანამდებობაზე ყოფნის ბოლო დღემდე იზრუნებს.

შეხსენებისთვის, რამდენიმე დღის წინ, გამოცემა Financial Times-მა დაწერა, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ვადამდე გადადგომას გეგმავდა, რათა ევროზონის ცენტრისტი ლიდერებისთვის საშუალება მიეცა, ECB-ს მომავალ პრეზიდენტად 8 წლით კვლავ მემარჯვენე და მემარცხენე რადიკალური ფრთებისგან დამოუკიდებელი, ნეიტრალური კანდიდატი აერჩიათ.

შეგახსენებთ, კრისტინ ლაგარდს ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტობის მანდატი 2027 წლის ბოლოს ეწურება. ამავე პერიოდში გახდება ცნობილი საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის ვინაობა. თუ არჩევნებს მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია მოიგებს, მაშინ ახალ ხელისუფალს საშუალება ექნება, ECB-ს ხელმძღვანელობის კანდიდატად თავისი მოკავშირე წარადგინოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები