ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა 2027 წლის ბოლომდე, ანუ უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე თანამდებობის დატოვება არ გამორიცხა. როგორც მან მედიას განუცხადა, საფრანგეთის მომავალ საპრეზიდენტო დებატებში "ევროპული ხმის გაჟღერების მიზნით", ის ფრანგულ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას განიხილავს. ფრანგულ გამოცემა Les Échos-თან საუბრისას ECB-ს ლიდერმა დაადასტურა, რომ მას ამჟამად ეროვნულ პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობის სურვილი და შესაძლებლობაც აქვს. მისი განმარტებით, საფრანგეთის წინასაარჩევნო საზოგადოებრივ დისკუსიებში ევროპული არგუმენტების წარდგენა ახლა უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.
რაც შეეხება უშუალოდ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას, ამ ეტაპზე მან მსგავსი ნაბიჯის გადადგმა კატეგორიულად გამორიცხა. კრისტინ ლაგარდის განცხადებით, მისი მთავარი როლი მხოლოდ ეროვნულ დონეზე ევროპული პოზიციის დაცვა იქნება. როგორც მან აღნიშნა, იგი ერთდროულად ფრანგულ და ევროპულ ინტერესებს დაიცავს. გავლენიანი ფინანსისტის შეფასებით, კონტინენტის ეკონომიკურ მომავალში საფრანგეთს გადამწყვეტი როლი აქვს და ამ როლის შენარჩუნება აუცილებელია. ლაგარდის აზრით, მყარი ევროპული გარემოს გარეშე ქვეყნის პერსპექტივები სრულიად გაურკვეველი დარჩება.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ წარსულში გავრცელებულ ჭორებს გადადგომის შესახებ ბანკის ხელმძღვანელი ყოველთვის უარყოფდა. ირანის ომით გამოწვეული ნავთობის ფასების ზრდისა და ინფლაციის ფონზე, მან საკუთარი თავი ტურბულენტურ პერიოდში მყოფ „გემის კაპიტანს“ შეადარა. მაშინ კრისტინ ლაგარდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც გემის კაპიტანი არ ტოვებს რთულ ვითარებაში ხომალდს, ისე ის არ დატოვებდა ECB-ს. შესაბამისად, ახალი განცხადება მის წინა პოზიციასთან შედარებით აშკარა ცვლილებას ასახავს.
ცნობისთვის, კრისტინ ლაგარდის უფლებამოსილების ოფიციალური ვადა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პოსტზე 2027 წლის ოქტომბრის ბოლოს იწურება. საფრანგეთის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვა კი მომავალი წლის გაზაფხულზე იგეგმება. არსებობს ალბათობა, რომ ემანუელ მაკრონის შემდეგ ქვეყნის ლიდერი ევრო-სკეპტიკური პოზიციებიც გამორჩეული პოლიტიკოსი, მარინ ლე პენი ან ჯორდან ბარდელა გახდეს. ქვეყნის მემარჯვენე პოლიტიკის ორივე გამორჩეულ ლიდერს არაერთხელ გამოუხატავს ევროზონიდან და ევროკავშირიდან გასვლის სურვილი.



























