მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ECHR-მა კეზერაშვილის სარჩელის ძირითადი ნაწილი არ დააკმაყოფილა, თუმცა დაადგინა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა

სტრასბურგის სასამართლო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება "კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ".

საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საკითხს, რაზეც უზენაესმა სასამართლომ 2021 წლის 8 სექტემბერს კეზერაშვილს 10-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. აღნიშნულ საქმეზე წინა ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი ჰქონდა გამოტანილი.

სტრასბურგის სასამართლო წერს, რომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, თუმცა უზენაესი სასამართლოს მიერ წინა ინსტანციის განაჩენის გაუქმება უსამართლო არ იყო, რაც თავის მხრივ კეზერაშვილის სარჩელის ერთ-ერთი კომპონენტი იყო.

"გაფლანგვის ბრალდებაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება უსამართლო არ იყო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ერთხმად დაადგინა რომ ადგილი ჰქონდა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას (სამართლიანი სასამართლოს უფლება) უზენაესი სასამართლოს ობიექტური მიუკერძოებლობის არარსებობის გამო, - ამის შესახებ სასამართლოს პრესრელიზშია აღნიშნული.

სასამართლოს პრესრელიზის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ მოსამართლე შალვა თადუმაძეს ჰქონდა პირადი მიკერძოება შესაბამის სამართალწარმოებაში. თუმცა, რაც შეეხება ობიექტურ მიუკერძოებლობას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო „გენერალური პროკურატურის იერარქიული სტრუქტურა საქართველოში, გენერალური პროკურორის მნიშვნელოვანი როლი და ფართო უფლებამოსილებები შესაბამისი შიდა კანონმდებლობის მიხედვით და პოლიტიკურად მგრძნობიარე კონტექსტის აქტუალობა გახმაურებულ სასამართლო პროცესებში“.

„არ შეიძლება იმის არ შემჩნევა, რომ როგორც კი შ. თ. დაინიშნა გენერალურ პროკურორად, იგი პასუხს აგებდა პროკურატურის მიმდინარე საქმიანობებზე, მათ შორის განმცხადებლის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით. მისი ჩართვა მოსამართლეთა შემადგენლობაში, რომელმაც მოგვიანებით განიხილა განმცხადებლის საქმე, ასეთ პირობებში საკმარისი იყო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ობიექტურ მიუკერძოებლობაზე ეჭვის შეტანისთვის. ამიტომ ადგილი ჰქონდა მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას ობიექტური მიუკერძოებლობის არარსებობის გამო“, - აღნიშნულია სასამართლოს პრესრელიზში.

რაც შეეხება განმცხადებლის საჩივარს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებასთან დაკავშირებით, პრესრელიზის თანახმად, სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მის მიერ ამ სასამართლოს წინაშე წამოყენებული მთავარი არგუმენტი განხილული იყო, თუნდაც არაპირდაპირ. კერძოდ, განმცხადებელი ამტკიცებდა მთელი პროცესის განმავლობაში, რომ არ შეიძლებოდა პასუხისგებაში მიეცათ გაფლანგვისთვის, რადგანაც გარკვეული წვრთნა ნამდვილად ჩატარდა, რაც დასტურდება მოწმეების ჩვენებებით.

„უზენაესმა სასამართლომ განიხილა ეს, მაგრამ მიიჩნია, რომ მოწმის ჩვენებები არარელევანტური იყო იმის დასადგენად, განხორციელდა თუ არა ხელშეკრულება. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა შესაბამისი დოკუმენტების არარსებობა - საბოლოო კვარტალური ანგარიში და მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც უნდა დადებულიყო თავდაცვის სამინისტროსთან სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ - რაც უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია განმცხადებლის საბრალდებო განაჩენის გამამართლებელ ელემენტად, მომჩივანს არ გაუსაჩივრებია მის წინააღმდეგ წარმოების არც ერთ ეტაპზე“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს მიდგომა, შესაძლოა, ღია იყო გარკვეული კრიტიკისთვის, გადაწყვეტილების და მასში მოყვანილი მიზეზების განხილვის შემდეგ, სასამართლომ არ დაადგინა, რომ დასკვნები იყო თვითნებური ან აშკარად დაუსაბუთებელი იმ დონემდე, რომ შელახულიყო სამართალწარმოების სამართლიანობა ან გამოეწვია „სამართლიანობის უარყოფა“. მან დაასკვნა, რომ ადგილი არ ჰქონია მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების დარღვევას იმის გამო, რომ უზენაესი სასამართლომ გააუქმა განმცხადებლის გამამართლებელი განაჩენი წერილობითი წარმოების გზით.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ინფორმაციით, თბილისში მდებარე მის სახლში პოლიცია შევიდა.

ამის შესახებ კეზერაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

„ისე „გადაფსიხდა“ ე.წ. ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომ ამ წუთებში ჩემს სახლში ჩხრეკაზე შედიან.

მიდით ბიჭებო, მიაწექით, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ!“- წერს კეზერაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები