მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შალვა თადუმაძე გეგმავს, დასანქცირების გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს

შალვა თადუმაძე

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე, შალვა თადუმაძე გეგმავს დასანქცირების გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.

თადუმაძე მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს მიმართავს, მოიწვიოს ლიეტუვის ელჩი, უზრუნველყოს აღნიშნულ შეხვედრაზე მისი დასწრება და ოფიციალური პირისაგან განემარტოს, “თუ რის საფუძველზე მიიღო ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საღ აზრს მოკლებული გადაწყვეტილება“.

“მოგეხსენებათ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა საქართველოს მაღალი თანამდებობის მქონე დასანქცირებული პირების სია, რასაც წინ უძღოდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის – კესტუტის ბუდრისის – საჯარო განცხადება, რომ ძალადობის და მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერების ჩაგვრის შედეგად, ესტონეთთან თანამშრომლობით გააფართოვა დასანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია. აღნიშნული განცხადებით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სიის თითოეული პირი, მათ შორის, მეც, დაგვადანაშაულა საქართველოში ადამიანის ძირითადი უფლებების უხეშ დარღვევაში.

მოგმართავთ თხოვნით, საერთაშორისო სამართლით დადგენილი წესის თანახმად, თქვენდამი დაქვემდებარებულმა უწყებამ (თანამდებობის პირმა) მოიწვიოს ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი და უზრუნველყოს აღნიშნულ შეხვედრაზე ჩემი დასწრება, რათა ოფიციალური პირისაგან განმემარტოს, თუ რის საფუძველზე მიიღო ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საღ აზრს მოკლებული გადაწყვეტილება და მომიხსენია დასანქცირებულთა სიაში, როგორც „ქართველი პოლიტიკოსი“. ასევე მსურს, მივიღო ოფიციალური განმარტება, თუ რა მტკიცებულებებისა და ინფორმაციის საფუძველზე მიმიჩნია ლიეტუვის სახელმწიფომ საქართველოში ადამიანის ძირითადი უფლებების უხეშ დამრღვევად, მაშინ, როდესაც ჩემი სამოსამართლო კარიერის განმავლობაში განხილული მაქვს 5 000-მდე სისხლის სამართლის საქმე და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდა მხოლოდ ორი საქმე. ორივე საქმესთან მიმართებით (გიორგი უგულავა საქართველოს წინააღმდეგ და დავით კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ განმარტა, რომ ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის სამართლებრივად დასაბუთებული და პოლიტიკურად მიუკერძოებელი.

ჩემი თქვენდამი თხოვნისა და ელჩთან შეხვედრის აუცილებლობას განაპირობებს ის გარემოება, რომ სამომავლოდ დაგეგმილი მაქვს, მივმართო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ლიეტუვის წინააღმდეგ, რათა სამართლებრივი გზით აღვიდგინო ლიეტუვის სახელმწიფოს მხრიდან ხელყოფილი ჩემი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“, - ვკითხულობთ შალვა თადუმაძის მიერ მაკა ბოჭორიშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში.

ლიეტუვას სანქციების სიაში მოხვდა საქართველოს სულ 17 მოქალაქე. სია, თითქმის უკრაინის მიერ, გასულ კვირას სანქცირებული პირების იდენტურია. იმ განსხვავებით, 19 კაციანი სიისაგან განსხვავებით, უკრაინამ სანქცია ბიძინა ივანიშვილსა და ვახტანგ გომელაურსაც დაუწესა.

ხელისუფლების წევრები და მათთან დაახლოებული პირები, რომლებიც ლიეტუვამ დაასანქცირა - სრული სია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები