"ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” [EPRC] უფროსი მკვლევარი, დიპლომატი გიგი გიგიაძე ვარაუდობს, რომ გერმანიის მთავრობა კონსულტაციებისთვის გაწვეულ პეტერ ფიშერს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებს არ დააბრუნებს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და იქვე დასძინა, რომ მოვლენების განვითარება პოლიტიკურ რეალობაზეა დამოკიდებული.
„ელჩის გაწვევა შეიძლება გაგრძელდეს ერთი დღიდან უსასრულოდ.... ძალიან დიდი ეჭვი მეპარება იმაში, რომ „ქართული ოცნების“ დე ფაქტო, ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, გერმანიამ საქართველოში ელჩი დააბრუნოს“, - განაცხადა გიგი გიგიაძემ და რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობების დაზიანებაში მთავარი დამნაშავე პარტია „ქართული ოცნებაა“.
მისივე შეფასებით, “ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევით გერმანიამ ძალიან მკაცრად გააფრთხილა საქართველო“.
„ელჩის გაწვევა წარმგზავნი სახელმწიფოს მიერ არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება მიმღები სახელმწიფოსთვის. გერმანიამ ამით ძალიან მკაცრად გააფრთხილა საქართველო, რომ უკიდურესად ნეგატიურად აღიქვამს იმ დინამიკას, რაც დღეს გვაქვს... ეს ნიშნავს იმას, რომ გერმანია დაბალ დონეზე სწევს საქართველოსთან ურთიერთობებს... კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მათი რიტორიკის, მათი ბრალდებების, მათი ტყუილი ნარატივის გამო, გერმანია დგამს ძალიან მკაცრ და სერიოზულ ნაბიჯს საქართველოსთან მიმართებით და მნიშვნელოვანწილად ადაბლებს დიპლომატიურ წარმომადგენლობას“, - აცხადებს გიგი გიგიაძე, რომელიც 2014-2016 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.
დიპლომატი ასევე არ გამორიცხავს, რომ მსგავსი ნაბიჯი სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც გადადგან.
„შესაძლებელია, [სხვა ელჩების გაწვევაც] ვიხილოთ, რადგან არცერთი ქვეყანა არ დატოვებს შეუმჩნევლად აგრესიას საკუთარი წარმომადგენლის მიმართ“, - განაცხადა მან.
- ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია საქართველოსთვის, მაგრამ ხომ არ აღმოჩნდება, საბოლოოდ, „ქართული ოცნება“ ერთგვარ კომფორტის ზონაში - იმ გაგებით, რომ ელჩების დონეზე ასეთი მკაფიო კრიტიკა აღარ მოჰყვება მათ ქმედებებს?
- დიახ, გეთანხმებით. ვფიქრობ, რომ ეს რიტორიკა და თავდასხმები მიზანმიმართულად სწორედ იქითკენ იყო მიმართული, რომ მივსულიყავით იმ შედეგამდე, რაც ვიხილეთ ანუ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების ელჩების გაწვევამდე. შეუძლებელია, რომ ამ ნაბიჯს არ მოჰყოლოდა რაღაც რეაქცია და ვფიქრობ, სწორედაც ეს იყო „ქართული ოცნების“ მიზანი, რომ მაქსიმალურად დაეზიანებინა საქართველო-გერმანიის ურთიერთობები; მაქსიმალურად დაეზიანებინა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები; მაქსიმალურად დაეზიანებინა საქართველო - დიდი ბრიტანეთის ურთიერთობები ანუ, აქ ჩვენ ვსაუბრობთ იმ ქვეყნებზე, რომლებიც რეალურად ჩვენი ყველაზე დიდი მეგობრები არიან, ხომ?! რეალურად, ეს არიან ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ საქართველოს პროგრესი ევროკავშირთან, დასავლეთთან მიმართებით ყველაზე ეფექტიანად განახორციელონ და სწორედ მათზე მიმდინარეობს ახლა თავდასხმა და „ქართული ოცნების“ მიერ მათი გარიყვა ხდება.
- ვის სამსახურშია დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება?
- „ქართული ოცნების არ არის ქართველი ხალხის სამსახურში და არ არის ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის ნების გამომხატველი... ჩვენ ვართ იმის მოწმენი, რომ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ ეფექტურად ახდენს საქართველოს ევროპული მომავლის გათიშვას.




























