თომას ედისონის სახელობის ელექტროენერგეტიკული ცენტრი პირველ ოქტომბერს თბილისში, ხოლო ოთხ ოქტომბერს ბათუმში მასშტაბურ ღონისძიებას გამართავს, სადაც ცენტრის საერთაშორისო პარტნიორი - ლატვიის ელექტროტექნიკური ასოციაციისა და ლატვიის ყველაზე მსხვილი გამანაწილებელი კომპანიის წარმომადგენლები ევროპული გამოცდილებიდან გამომდინარე, არაერთ საინტერესო და დარგისთვის მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრებენ.
ელექტროტექნიკური ასოციაციისა და ლატვიის ყველაზე მსხვილი გამანაწილებელი კომპანიის წარმომადგენლები დამსწრე აუდიტორიას დეტალურად გააცნობენ, თუ როგორია ლატვიის ელექტროენერგეტიკული სისტემის მოწყობის სქემა, საკანონმდებლო ჩარჩოს რეგულირების არეალი და მისი რეალობაში გამოყენება. გარდა ამისა, საზოგადოებას გაუზიარებენ გამოცდილებას იმის შესახებ, თუ რა გზა გაიარა ლატვიამ საბჭოთა მოდელიდან ევროპულ სტანდარტებზე გადასვლის პროცესში და იმსჯელებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული სტანდარტებით მუშაობა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის.
ღონისძიებაზე განხილული იქნება მაგალითებიც, თუ როგორ გაუმკლავდნენ ადამიანური რესურსების დეფიციტს ტრენინგ ცენტრის დახმარებით და რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს ველზე მომუშავე ელექტროენერგეტიკოსების გადამზადება ინდუსტრიის განვითარებად და ამავე დროს დინამიურ გარემოში.
სპიკერები პრეზენტაციას ინგლისურ ენაზე წარმართავენ, თუმცა ორივე ღონისძიება ინგლისურიდან ქართულად სინქრონული თარგმანით იქნება უზრუნველყოფილი.
"ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გაგვიზიარებენ გამოცდილებას ლატვიის ენერგეტიკის ზოგად სქემაზე, მის მარეგულირებელ ჩარჩოზე და ასევე, როგორ ხდება რეალობაში ამ მარეგულირებელი ჩარჩოს გამოყენება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის, თუ როგორ გაიარეს ლატვიელებმა საბჭოთა სტანდარტებიდან ევროპულ სტანდარტებზე გადასვლის პროცესი, გამოცდილებას სწორედ ამ კუთხით გაგვიზიარებენ. ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, როგორ მოხდა საბჭოთა სტანდარტებიდან ევროპულზე გადასვლა და საქართველოს ენერგეტიკას როგორ დაეხმარება ეს გამოცდილება", - აღნიშნავს "ედისონის ცენტრის" სტრატეგიულ პარტნიორებთან კომუნიკაციის მენეჯერი მიხეილ ოდიშარია.
ძირითადი თემების მიღმა, აღსანიშნავია ისიც, რომ 4 ოქტომბერს, ბათუმში გამართულ კონფერენციაზე ლატვიელი ენერგეტიკოსები ინდუსტრიის ადგილობრივ წარმომადგენლებს გაუზიარებენ გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოაწყონ ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურა უსაფრთხოდ ქალაქის სწრაფი განვითარების პირობებში.
"ლატვიელი კოლეგები განიხილავენ სხვადასხვა საინტერესო საკითხებს, მათ შორის როგორ გაუმკლავდნენ ევროპულ სტანდარტზე გადასვლის პროცესში ადამიანური რესურსის პრობლემას, როგორ მოხდა მათი გადამზადება და მაშინ როდესაც, ენერგეტიკის სფერო ყოველდღიურად ვითარდება/იცვლება, როგორ ახერხებენ ძველი კადრების ახალ გარემოსთან მორგებას", - განაცხადა "ედისონის ცენტრის" სასწავლო პროგრამების განვითარების მენეჯერმა, მიხეილ შავაძემ.
ცნობისთვის, ლატვიის ელექტროენერგეტიკოსთა ასოციაციასთან ერთად "ედისონის ცენტრი" ღონისძიებას 1 ოქტომბერს თბილისში, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" მესამე პავილიონში, ხოლო 4 ოქტომბერს ბათუმში, სასტუმრო "რუმსში" გამართავს.
ინფორმაციისთვის: თომას ედისონის სახელობის ელექტროენერგეტიკის საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს რეალობისთვის სრულიად ახალი კონცეფციის გაერთიანება, პროფესიული საზოგადოების ცენტრია (community center), რომელიც ელექტროენერგეტიკულ სექტორში მომუშავე სპეციალისტების კოორდინირებული მუშაობითა და საერთო ძალისხმევით ინდუსტრიაში ტრანსფორმაციული ცვლილებების განხორციელებას გეგმავს. ედისონის ცენტრის მიზანია, საკუთარი აქტივობებით ხელი შეუწყოს ქვეყნის ელექტროენერგეტიკული ქსელის თითოეული კომპონენტის, - გამომუშავების, გადაცემის, განაწილებისა და მოხმარების გაუმჯობესებას, მის ევროპულ სტანდარტთან ჰარმონიზაციას.
ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს რეგისტრაციის გავლა ამ ბმულის საშუალებით შეგიძლიათ: https://bit.ly/ღონისძიებები_თბილისი_ბათუმი