BMG, PSP დაზღვევის განახლებულ ბრენდ "ვაიზერთან" ერთად, ახალ რუბრიკას იწყებს. "ედwizer" ყოველკვირეული გადაცემა იქნება BMGTV-ზე, რომელიც მაყურებელს რისკების მართვისა და ბიზნესის წარმატების ისტორიებს გააცნობს - გადაცემა BMG-ის გენერალურმა პროდიუსერმა და "ედwizer"-ის თანაწამყვანმა გიორგი ისაკაძემ და სადაზღვევო კომპანია "ვაიზერის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოფიო ლებანიძემ "საქმიანი დილას" ეთერში დააანონსეს.
"შევჯერდით ერთობლივ ყოველკვირეულ რუბრიკაზე "ედwizer"-ი, რომელიც "ბიზნესის კვირეულის" და "საქმიანი დილას" მაყურებელს სხვადასხვა ინდუსტრიის ლიდერებს წარუდგენს. წარუდგენს პროფესიონალებს, საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა, ერთი მხრივ, რისკების მართვის და მეორე მხრივ, კომპანიების და საზოგადოების განვითარების საინტერესო ისტორიები გადმოგცეთ", - განაცხადა გიორგი ისაკაძემ.
სოფიო ლებანიძის თქმით, პროექტის ერთ-ერთი მიზანი სადაზღვევო სექტორის დესტიგმატიზაცია და უარყოფითი სტერეოტიპების დამსხვრევაა.
"როდესაც ვმსჯელობდით ამ დიდ და საინტერესო პროექტზე, ვფიქრობდი, რომ ძალიან მასშტაბური უნდა იყოს და აუცილებლად ასეც იქნება. რა თქმა უნდა, რუბრიკას არ ექნება საზღვრები, რომლითაც ჩვენ აუდიტორიას შევზღუდავთ და რაც ყველაზე მთავარია, სულ ვამბობ, რომ დაზღვევა, რისკი - ეს არის მაინც სტიგმატიზებული საკითხები, რომ სადაზღვევო სულ ცუდთან და ნეგატივთან არის ასოცირებული. არადა რისკი და რისკების მართვა ძალიან საინტერესოა. მე ვფიქრობ, რომ ამ გადაცემით და ძალიან საინტერესო სტუმრებით, ჩვენ ამ სტერეოტიპებს დავამსხვრევთ და ძალიან სწორად ჩამოვაყალიბებთ იმ ემოციას, რომ "ვაიზერი" ყველაფერს დააზღვევს.
მინდა, რომ სწორად იყოს ყველაფერი მაყურებლამდე და საქმიან საზოგადოებამდე მიტანილი, რომ რისკები არის მართვადი და, ჩვენს საინტერესო სტუმრებთან ერთად, ამ რისკებს და მათ მართვას ძალიან სწორად და საინტერესოდ შევხედავთ", - განაცხადა სოფიო ლებანიძემ.
რუბრიკის პირველი სტუმრები კრეატიული სააგენტო Playmaker-ის მმართველი პარტნიორები ნუკა შევარდნაძე და კოკა ქამუშაძე არიან. "ედwizer" კვირას "ბიზნესის კვირეულის" ეთერში იქნება, ყოველ ორშაბათს კი - "საქმიანი დილას" ეთერში.




























