მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეფექტიანი ინვესტირების შემზღუდავი ფაქტორი დინამიკური პორტფელის ზომაა - საპენსიო ფონდი

ანა ნაჭყებია

საპენსიო ფონდში ელიან, რომ 2026 წლის ბოლომდე ფონდის აქტივების ზომა 10 მილიარდ ლარს მიაღწევს.

როგორც „საქმის კურსთან“ საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს მოლოდინია, რომ ეკონომიკის ზრდის პარალელურად გაიზრდება საპენსიო შენატანები და ასევე დადებითი ტენდენციები შენარჩუნდება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ამჟამად, საპენსიო ფონდში 8,5 მილიარდი ლარია აკუმულირებული, მათ შორის 2,4 მილიარდი საინვესტიციო აქტივობიდან მიღებული შემოსავალია.

ფონდში განმარტავენ, რომ მოგებიანობის ზრდას დინამიკური პორტფელის მცირე მოცულობა ზღუდავს.

მოქალაქეთა დანაზოგები პორტფელების მიხედვით

კონსერვატიული (ნაკლებად რისკიანი) საინვესტიციო პორტფელი - 1,518,646 მოქალაქე, 8,400,000,000 ლარი, ერთ პირზე საშუალოდ 5,531 ლარი;

დაბალანსებული (საშუალო რისკიანი) საინვესტიციო პორტფელი - 5,155 მოქალაქე, 48,600,000 ლარი, ერთ პირზე საშუალოდ 9,428 ლარი;

დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი - 4,933 მოქალაქე, 54,600,000 ლარი, ერთ პირზე საშუალოდ 11,068 ლარი;

„საკანონმდებლო თვალსაზრისით შედარებით ნაკლები არის გამოწვევები. იმიტომ, რომ კანონი უკვე გვაძლევს ინვესტირებისთვის საკმაოდ დიდ მოქნილობას. თუმცა, მნიშვნელოვანი არის, რომ გაიზარდოს იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც, კონსერვატიული პორტფელიდან დანაზოგებს დინამიკურ პორტფელში გადაიტანს. ჩვენი ფონდის მონაწილეების დიდი ნაწილი არის ახალგაზრდა, მონაწილეების საშუალო ასაკი არის დაახლოებით 38 წელი და მათი საინვესტიციო ჰორიზონტი, საპენსიო ასაკამდე, არის საკმაოდ გრძელი და ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავზარდოთ ინვესტიციები, მაგალითად, აქციებში. კი გვაქვს დადებითი დინამიკა თანხის კონსერვატიული პორტფელიდან დინამიკურ პორტფელში გადატანის, თუმცა ამ პორტფელის ზომა მაინც საკმაოდ მცირეა რჩება. დინამიკურ პორტფელში კი ინვესტირების მეტი თავისუფლებაა. თანხის 60%-მდე შეიძლება განთავსდეს უცხოური, დოლარში დენომინირებულ აქტივებში, მათ შორის აქციებში, საერთაშორისო ობლიგაციებში, სხვადასხვა ტიპის ფონდებში. თუმცა, ამ ეტაპზე, სწორედ ამ პორტფელის ზომა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შემზღუდავი ფაქტორი და დაგეთანხმებით, რომ ჩვენი მხრიდან აუცილებელია გაიზარდოს მონაწილეებთან კომუნიკაცია, რომ გავზარდოთ ცნობადობა საპენსიო ფონდისა და ამ სამი პორტფელის, მათი მახასიათებლების შესახებ“, - ამბობს ანა ნაჭყებია

საქართველოს საპენსიო ფონდმა 2026 წლის იანვრის მდგომარეობით ფონდის ზომის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, სისტემის მონაწილეთა რაოდენობაა 1,528,734, ხოლო ფონდის მთლიანი ზომა 8.5 მილიარდ ლარს შეადგენს. შესაბამისად, საპენსიო სისტემის საშუალო მონაწილის მიერ დაზოგილი თანხის მოცულობა 5,562 ლარს შეადგენს.

საპენსიო ფონდის ინფორმაციით, 8.5 მილიარდი ლარის პორტფელიდან 2.4 მილიარდი ლარი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობით მიღებულ ამონაგებს წარმოადგენს. საპენსიო ფონდის აქტივების ზომა გასული თვის განმავლობაში 300 მილიონი ლარით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები