მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეფექტიანობის დეპარტამენტი ძალიან კარგია, როცა ის დემოკრატიული, სუვერენული სახელმწიფოს ნაწილია" - მაია გუნცაძე

ეკონ

ეკონომისტი მაია გუნცაძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" მთავრობის ინიციატივა, შეიქმნას მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება და წინასწარ მისი ფუნქციების განსაზღვრა რთულია. ამის შესახებ მონიტორინგის, შეფასების და სწავლების პროფესიონალთა ასოციაციის დამფუძნებელმა გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.

"ჩემი აზრით ეს [გადაწყვეტილება] დაკავშირებულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან და იმ პოლიტიკურ პროცესებთან, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ამის გარდა, თუ ჩვენ გადავხედავთ დეტალურად ამ შინაარსს, რთულია განვსაზღვროთ, რას გეგმავენ, მაგრამ განცხადებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება კიდევ ერთი, დამატებითი პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც სხვადასხვა უწყებას გააკონტროლებს იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც მთავრობა ჩათვლის საჭიროდ", - ამბობს მაია გუნცაძე.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ეფექტიანობის განსაზღვრა დადებითი ბერკეტია, მის განხორციელებას სკეპტიკურად უყურებს, რადგან საქართველოში 2017 წლიდან უკვე მოქმედებს იდენტური დადგენილება, რომლის აღსრულებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

"თუ ეფექტიანობაზე ვსაუბრობთ, 2017 წლის მთავრობის ერთ-ერთი დადგენილებით, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების ციკლის დადგენას და აღსრულებას და მითითებულია, რომ ეს ყველაფერი ემსახურება კარგი მმართველობის პრინციპებს, შესაბამისად, საუკეთესო პრაქტიკების განხორციელებას და ევროკავშირთან ინტეგრაციას, შესაბამისად, ეფექტიანობა არის ერთ-ერთი, რომელიც ყოველთვის იზომებოდა ან უნდა იზომებოდეს. ეს დოკუმენტი დღესაც არსებობს და მოქმედებს. თუ ვსაუბრობთ სახელმწიფოს ეფექტიანობაზე, რაც მოიცავს მარტივი რეგულაციების, ღია ეკონომიკის, ბიუროკრატიის ანალიზს, ამ შემთხვევაში მსოფლიო ბანკი აქვეყნებს ყოველწლიურ ინდექსს...

ერთია - დადგენილება, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვის ციკლის აღსრულებას და მეორეა - რას უზრუნველყოფენ უწყებები, სამინისტროები და მთავრობა. 2020 წელს საქართველოში 100-მდე სტრატეგიული დოკუმენტი და გეგმა დამტკიცდა. 100 დოკუმენტის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება მთავრობის ადმინისტრაციაში მოქმედ ანალიტიკურ დეპარტამენტს, დამეთანხმებით, ძალიან გაუჭირდება, თუ ეს სისტემური არ იქნება", - ამბობს მაია გუნცაძე.

ეკონომისტი აღნიშნავს, რომ ეფექტიანობის მონიტორინგი მთავრობას მხოლოდ საკუთარი რესურსებით, დონორების ჩართულობის გარეშე, გაუჭირდება.

"ჩემი სკეპტიციზმი გამომდინარეობს იქიდან, რომ დონორების აქტიურობის გარეშე, მთავრობას, თავისი რესურსების გათვალისწინებით, ძალიან გაუჭირდება ამ პროცესების მართვა. ეფექტიანობის დეპარტამენტი, რა თქმა უნდა, არის ძალიან კარგი, როდესაც ის არის ინოვაციური, რეფორმებზე ორიენტირებული და დემოკრატიული, სუვერენული სახელმწიფოს ნაწილი.

რაც მთავარია, ის უნდა იყოს დაკომპლექტებული პროფესიული დამოუკიდებლობის ნიშნით. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. და რომ აღნიშნეს, შიდა აუდიტის ფუნქციები გაფართოვდებაო, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საჯარო სამსახურში შიდა აუდიტის ფუნქციები ყოფილ ძალოვნებს და სხვა პირებს აქვთ შეთავსებული და არა კვალიფიციურ კადრებს", - განაცხადა მაია გუნცაძემ "ანალიტიკასთან".

ცნობისთვის, გასულ კვირას მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კომენტარი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, "ოცნება" მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს შექმნის. ლევან ჟორჟოლიანი განმარტავს, რომ ამისთვის პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა შევა. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდება და მას მთლიანად მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის ზედამხედველობის ფუნქციაც მიენიჭება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები