მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სისტემაში შეცდომების პრევენცია და არა პოვნა-გამოსწორება - რისთვის ქმნის "ოცნება" ეფექტიანობის დეპარტამენტს?

პარლამენტი

"ქართული ოცნების" მთავრობის საპარლამენტო მდივან, ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით, მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტი იქნება არა მმართველობით სისტემაში შეცდომების პოვნისა და გამოსწორებისთვის, არამედ მათი პრევენციისთვის. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ინიციირებულ ცვლილებათა პაკეტის პირველი მოსმენით განხილვაზე წარდგენისას განაცხადა.

"ოცნებამ" პარლამენტში დააინიიცირა კანონპროექტი, რომლითაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი უნდა შეიქმნას და რომელიც პროექტის მიხედვით, დეპარტამენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს.

კანონპროექტით დგინდება, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების, ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოების და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობას.

შესრულების კონტროლის ხელშეწყობა არ გავრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებების გადაწყვეტილებებზე.

ავტორები ელიან, რომ ეფექტიანი კოორდინაციისა და კომუნიკაციის, ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის საფუძველზე, დროულად მოხდება მმართველობის პროცესში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სათანადო ჩართულობა.

ვახტანგ ბაჩიაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ეფექტიანობის დეპარტამენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფუნქციებს არ შეითავსებს.

„დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კანონით განსაზღვრული ფუნქცია არის სამთავრობო გადაწყვეტილებების ხელშეწყობის მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება, რა უფლებამოსილებასაც მთავრობის ადმინისტრაცია 2004 წლიდან ფლობს, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობა და ადმინისტრაცია აღმასრულებელი ხელისუფლების ძირითადი ორგანო იყო და მისი უფლებამოსილება თავმოყრილი იყო პრეზიდენტის ხელში. მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდა, მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებები და ის წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლებას უმაღლეს ორგანოს. ამიტომ აუცილებელია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ჰქონდეს, არამხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილებების, არამედ საქართველოს ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებების, სსიპ-ების და და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა ხელშეწყობის მიზნით ღონისძიებების განხორციელების ფუნქცია.

აღნიშნული ფუნქცია გულისხმობს, პირდაპირ რეჟიმში ე.წ. რეალურ დროში აუდიტის მსგავსი პრინციპების გატარებას, თუმცა ეს არ გულისხმობს საქართველოს ადმინისტრაციის მხრიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფუნქციების შეთავსებას და ის უპირატესად მიმართული იქნება აუდიტის უფლებამოსილების განხორციელებისგან განსხვავებით, არა მმართველობით სისტემაში შეცდომის პოვნასა და მის გამოსწორებისთვის გზების დასახვაზე, არამედ ამ შეცდომების პრევენციაზე, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტიანობას“, - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები