მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეფექტიანობის დეპარტამენტის ანგარიშში არაა დაკონკრეტებული რომელ უწყებებში დაიზოგა ₾67.4 მლნ და სად იპოვეს სავარაუდო დარღვევები

მთავრობა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ეფექტიანობის დეპარტამენტის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ამ უწყების მუშაობით ბიუჯეტს 67.4 მილიონი ლარი დაეზოგა. დეპარტამენტმა სულ 114.9 მილიონი ლარის სახელმწიფო პროგრამები და შესყიდვები შეისწავლა, რომელთაგან უწყების ჩართულობით 67.4 მილიონი ლარის ეკონომია განხორციელდა. გარდა ამისა, წლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა გამოავლინა ბიუჯეტის არარაციონალურად და გაუმჭვირვალედ ხარჯვის რისკები სახელმწიფო შესყიდვებში, რომელთა შესახებაც საგამოძიებო უწყებებში გაიგზავნა მასალები.

ეფექტიანობის დეპარტამენტი ირაკლი კობახიძის ინიციატივით 2025 წელს შეიქმნა და მას გასული წლის 23 ივნისიდან გურამ დუმბაძე ხელმძღვანელობს. დუმბაძე იქამდე მთავრობის შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებისგან განსხვავებით, სადაც ყოველთვის დეტალური სახით არის აღწერილი თუ რა პროგრამებსა და შესყიდვებში გამოვლინდა ნაკლოვანებები/ხარვეზები ასევე რომელი შესყიდვების შესახებ მიმართეს საგამოძიებო უწყებებს, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის 2025 წლის ანგარიშში აღნიშნული დეტალები წარმოდგენილი არაა.

"2025 წელს, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მიერ, განხილულ იქნა 114,860,551 ლარის ღირებულების სახელმწიფო პროგრამები და შესყიდვები, საიდანაც დეპარტამენტის ჩართულობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაიზოგა 67,413,621 ლარი, რომელიც დეპარტამენტის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგია. აღნიშნული საქმიანობა, სხვა აქტივობებთან ერთად, მოიცავდა სახელმწიფო უწყებების მიერ ინიციირებული პროექტების ბიუჯეტის, მათი საჭიროებებისა და შესაბამისობის შესწავლას, მათ კრიტიკულ ანალიზს, რისკების შეფასებას და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას.

მიღებული ეკონომიის უდიდესი ნაწილი უკავშირდება სახელმწიფო შესყიდვების მართვის საკითხებს. კერძოდ, ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში, მიმდინარეობს დაგეგმილი/მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი და შესაძლო ნაკლოვანებების ანალიზი, რის საფუძველზეც, ხორციელდება პრევენციული ღონისძიებების გატარება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.

დეპარტამენტი, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მონიტორინგს უწევს დადგენილებას დაქვემდებარებულ სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კონკურენტული გარემოს შექმნას, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეთა ჩართულობის ზრდას და გამჭვირვალე გარემოს დამკვიდრებას", - ნათქვამია დეპარტამენტის 2025 წლის ანგარიშში.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მიღებული 2025 წლის 27 მაისის დადგენილებით ეფექტიანობის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები საკონსულტაციო მომსახურების გაწევით შემოიფარგლება.

დადგენილების თანახმად უწყების ამოცანებია:

"კომპეტენციის ფარგლებში, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის ღონისძიებების ფარგლებში:

რისკების გამოვლენა, მონაცემების შეგროვება და ანალიზი, ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებათა შეფასებისა და მათზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, რისთვისაც იგი უფლებამოსილია, გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია;

მონიტორინგისა და კონტროლის პროცედურების განხორციელება, შესაბამისობის, ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შეფასების მიზნით", - ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში, რომელიც ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობას განსაზღვრავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები