მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეფეს საქართველო: რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის ბაზრები ამ ეტაპზე დაკარგულია

6263c6f487c7e
სალომე ჭიპაშვილი
23.04.22 15:10
1266
"რუსეთ-უკრაინის ომის გამო ექსპორტი შემცირებულია, რაც ძირითადად გართულებლი ლოგისტიკით არის გამოწვეული", - ამის შესახებ "ეფეს საქართველოს" კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონში არსებული კონფლიქტის გამო გამოწვევები ძალიან ბევრია.

"რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის ბაზრები ამ ეტაპზე დაკარგულია, პროდუქციის მცირე რაოდენობა იგზავნება, თუმცა ეს ის არ არის, რაც კომპანიას სჭირდება,“ - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

მისივე თქმით, „ეფეს საქართველოს“ საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებული აქვს, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი გადანაწილება მოხდეს.

„რაც შეეხება შესაფუთი მასალის იმპორტს, ეს ბაზარი დიდ კომპანიებს მეტად დივერსიფიცირებული აქვთ. ერთი ქვეყნიდან თუ შეფერხდება მოწოდება, გადალაგდება სხვა ქვეყანაზე. გადაზღვევას ვახერხებთ, დიდ კომპანიებს ეს ფუფუნება გვაქვს. აქ მცირე და საშუალო კომპანიებს უფრო პრობლემები აქვთ, რადგან მათ ერთ მომწოდებლებთან აქვთ საქმე,“ - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, „ეფეს საქართველოსთვის" ეს ნომერ პირველი პრიორიტეტია და მოლოდინები ამ მხრივ გაცილებით პოზიტიური აქვთ.

2021 წელს „ნატახტარმა“ ექსპორტზე მსოფლიოს 25 ქვეყანაში 44 მლნ ლიტრი ლუდი და ლიმონათი გაიტანა. კომპანიის ჯამურ საექსპორტო პორტფელში უკრაინა, რუსეთი და ბელარუსი ერთად 25 პროცენტზე მეტს იკავებს. კომპანია საქართველოში ისეთი ბრენდებით არის წარმოდგენილი, როგორებიცაა: "ნატახტარი“, „ქარვა“, „კასრის“, Staropramen, Löwenbräu, ასევე იმპორტირებული ბრენდებით: Efes, Beck’s, Franziskaner, Stella Artois, Leffe, Hoegaarden, Corona, Miller. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები