მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეგვიპტეში არქეოლოგებმა 3000-წლიანი სამარხი აღმოაჩინეს

ეგვიპტე სამარხი

ეგვიპტის ქალაქ ლუქსორის მახლობლად ჰოლანდიურმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 3000-წლიანი სამარხი აღმოაჩინა. ამის შესახებ ამერიკული CBS-ი იტყობინება ეგვიპტის ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

არქეოლოგიური კომპლექსი სამარხის გარდა მოიცავს ღია ეზოს, რომელიც კლდეში ნაკვეთ სამლოცველოს უკავშირდება. ეზოში არქეოლოგებმა რამდენიმე კარგად შემორჩენილი არქიტექტურული ნიმუშიც აღმოაჩინეს, მათ შორის აგურის სკამი სამგლოვიარო სტელისთვის და პანდუსებიანი დახრილი კიბე, რომელიც სამარხის შესასვლელთან მიდის.

სამარხში აღმოჩენილი კედლის მხატვრობა, ფრაგმენტი

აღმოჩენილი წარწერების მიხედვით, სამარხი ეკუთვნოდა მამაკაცს, სახელად პასერს. კედლის მხატვრობაზე იგი სხვადასხვა ღვთაებებს ეთაყვანება, ასევე მეუღლესთან ერთად, შესაწირით სავსე მაგიდასთანაა გამოსახული.

არქეოლოგების შეფასებით, სამარხი რამესიდების ეპოქას — ძველი ეგვიპტის XIX და XX დინასტიების პერიოდს — მიეკუთვნება (ძვ. წ. 1570-1069).

ამჟამად მკვლევრები მუშაობენ, რათა სამარხში დაკრძალული ყველა ადამიანის ვინაობა დაადგინონ და მათი ცხოვრების შესახებ მეტი ინფორმაცია მოიპოვონ.

ლუქსორი მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ ცენტრად მიიჩნევა, აღმოჩენილი სამარხი 2018 წელს დაწყებული მასშტაბური კვლევითი პროექტის ნაწილია.

ეგვიპტე ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენებს აქტიურად იყენებს ტურისტების მოსაზიდად. გასულ წელს ეგვიპტეს 19 მილიონი ადამიანი ესტუმრა. ტურიზმი ეგვიპტის ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია და უცხოური ვალუტის ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს კაიროს მახლობლად ეგვიპტის დიდი მუზეუმი (Grand Egyptian Museum) გაიხსნა — მსოფლიოში უდიდესი არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც მთლიანად ძველი ეგვიპტის ცივილიზაციას ეძღვნება. ასევე 2025 წელს, 20 წლიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ, ლუქსორის მახლობლად ვიზიტორებისთვის კვლავ გაიხსნა ფარაონის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამარხი, რომლის კედლებზეც სხვადასხვა ღვთაებებთან ერთად ფარაონი ამენჰოტეპ III არის გამოსახული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები