ეგვიპტის ახალ დედაქალაქში მილიარდ დოლარად შეფასებული ცათამბჯენი აშენდება, რომელიც სრულად წყალბადისგან წარმოებული ელექტროენერგიით მომარაგდება - ამის შესახებ ინფორმაციას საუდის არაბეთში მოქმედი Rewabi Holding-ის წევრი დეველოპერი, Magnom Properties ავრცელებს, რომელიც ცათამბჯენს თავად აშენებს.
240-მეტრიანი შენობა, სახელწოდებით Forbes International Tower 50-სართულიანი იქნება და საოფისე დანიშნულება ექნება. მის დიზაინზე არქიტექტორმა გორდონ გილმა იმუშავა, რომლის კომპანიის პორტფელიც ნიუ-იორკში Central Park Tower-სა და საუდის არაბეთის უმაღლეს ცათამბჯენს, Jeddah Towers-ს აერთიანებს. შენობა აფრიკის კონტინენტის უმაღლესი ნაგებობის, Iconic Tower-ის მახლობლად განთავსდება.
Mognom Properties აცხადებს, რომ შენობა სრულად მწვანე წყალბადით მომარაგდება, რაც მას მსოფლიოში პირველ ნახშირბად-ნეიტრალურ ცათამბჯენად აქცევს. ამის მისაღწევად Forbes International Tower-ზე მზის პანელებიც განთავსდება. შესაბამისად, შენობა ტრადიციულ ელექტროქსელზე არ იქნება დამოკიდებული და ენერგიის 75%-ს წყალბადიდან, 25%-ს კი ალტერნატიული განახლებადი წყაროებიდან მიიღებს.
დეველოპერის ინფორმაციით, მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება და 2030 წელს დასრულდება.
Forbes International Tower აშენდება ეგვიპტის ახალ დედაქალაქში, რომელსაც დროებით “ახალი ადმინისტრაციული დედაქალაქი” ეწოდება. ახალი ქალაქი 2015 წელს პრეზიდენტ აბდულ-ფათაჰ ალ-სისის ინიციატივა იყო, რომელმაც მზარდი მოსახლეობის გამო კაიროს გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. ახალი დედაქალაქი 714 კვადრატულ კილომეტრზე აშენდება და 6.5 მილიონ მოსახლეს დაიტევს. ახალი ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობისთვის ეგვიპტე, წინასწარი გამოთვლებით, $60 მილიარდს დახარჯავს.