სებ-ის საბჭოში ჯერ კიდევ სალომე ზურაბიშვილის მიერ, გასული წლის მაისში წარდგენილმა კანდიდატმა, ეკატერინე ღაზაძემ კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ კომიტეტის სხდომის დაწყებისთანავე განაცხადა.
"არის წარმოდგენილი 5 კანდიდატურა, თუმცა ერთმა კანდიდატმა, ეკა ღაზაძემ მოგვწერა, რომ აღარ აქვს სურვილი, სხვა სამსახური ნახა, ამიტომ მის კანდიდატურას აღარ განვიხილავთ. ჩვენ ვიცნობთ მას პარლამენტში მუშაობიდან, აუდიტში მუშაობდა, მას წარმატებებს ვუსურვებთ, სადაც არის და სადაც იქნება", - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატი ჰყავს წარდგენილი, რომელთაც დღეს უნდა მოუსმინონ. კვიჟინაძის თქმით, იგეგმებოდა სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატის - ეკატერინე ღაზაძის მოსმენაც, რომლისთვისაც წინა მოწვევის პარლამენტს არ მოუსმენია.
ამჟამად, ეროვნულ ბანკს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავაა. 2023 წლის ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა საბჭოს ორი აღმასრულებელი წევრი აირჩია - ვიცე-პრეზიდენტების პოსტები ეკატერინე მიქაბაძემ და ეკატერინე გალდავამ დაიკავეს. თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი კი საბჭოს არააღმასრულებელი წევრები არიან.
შეგახსენებთ, 2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოცემული საგამონაკლისო ბრძანების მიმართ პროტესტის ნიშნად, ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ და ნიკოლოზ გაგუამ თანამდებობები დატოვეს.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის პირობებში, 2023 წლის ბოლოს პარლამენტმა დაბლოკა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე.