"EKALATA მოკლევადიანი დამხმარე საშუალებაა, რომელიც მომავალში შესაძლოა ძალიან ღირებულ ინსტრუმენტად იქცეს როგორც მომხმარებლისთვის, ისე მთლიანად ბაზრისთვის. პროექტის რეალური ეფექტურობა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას" - ასე აფასებს BeWise Georgia-ს თანადამფუძნებელი, ია ნადირაშვილი ახალ სამთავრობო პორტალს ekalata.gov.ge გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში.
ია ნადირაშვილის განმარტებით, იმისათვის, რომ პლატფორმა ეფექტური აღმოჩნდეს, პირველ რიგში, მომხმარებელს მასზე განთავსებული მონაცემების რეალური შედარების საშუალება უნდა მიეცეს.
"მომხმარებლის კუთხიდან რომ ვისაუბროთ, ჩვენ ამჟამად არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ერთი და იგივე, იდენტური პროდუქტი შევადაროთ ყველა ქსელის ჭრილში. მაგალითად, თუ მაინტერესებს კატეგორია 'არაჟანი', მე ვხედავ მხოლოდ საუკეთესო შემოთავაზებებს ამ კატეგორიაში და არა კონკრეტულ იდენტურ პროდუქტს ყველა ქსელისთვის. ამიტომ, ინფორმაცია უნდა იყოს რაც შეიძლება გამჭვირვალე და მასშტაბური, რომ რეალური ეფექტი დავინახოთ," - აცხადებს ნადირაშვილი.
მისივე თქმით, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი პლატფორმაზე წარმოდგენილი რითეილერების ფართო რაოდენობაა, რათა მომხმარებელმა ბაზრის სრული სურათი დაინახოს. სხვა შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ პროცესმა ბაზარზე კონცენტრაციის ზრდას შეუწყოს ხელი.
"ერთის მხრივ, ფასებზე გამჭვირვალობა შეიძლება იყოს კონკურენციის გაძლიერების მექანიზმი, მაგრამ მეორეს მხრივ, ამან შეიძლება კონცენტრაცია გაზარდოს კონკრეტული ქსელების ან ორგანიზებული რითეილის მხრიდან და მთლიანი ბაზრის სურათი ვერ დავინახოთ. იმისათვის, რომ პროექტმა არ დააზიანოს ჯამში ეკონომიკა, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი რითეილერი იყოს წარმოდგენილი და მომხმარებელმა ფართო ასორტიმენტსა და ქსელებზე შესადარი პროდუქტების სურათი დაინახოს," - აღნიშნავს BeWise Georgia-ს თანადამფუძნებელი.
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის განხილვისას, ია ნადირაშვილი ისრაელის მოდელს გამოყოფს, სადაც სახელმწიფო მსხვილ ბიზნესს ავალდებულებს, დღეში რამდენჯერმე (ოთხ საათში ერთხელ) წარადგინონ ფასები. თუმცა, უშუალოდ ანალიტიკა და მომხმარებლის ქცევაზე მორგებული ფუნქციები კერძო სექტორის მიერ განვითარდა.
"კერძო სექტორზე უფრო მოქნილად ამას სახელმწიფო ვერანაირად ვერ გააკეთებს. ისრაელის მაგალითზე ვხედავთ, რამდენად თანამედროვე ტექნოლოგიებითა და AI (ხელოვნური ინტელექტი) ფუნქციებით არის აღჭურვილი აპლიკაციები. პროდუქტის სკანირებით მომხმარებელს შეუძლია მთლიანად თავისი შესყიდვების კალათა მარტივად შეადგინოს, შეადაროს აქციები და მიიღოს გამჭვირვალე ინფორმაციაზე დაყრდნობილი გადაწყვეტილება," - განმარტავს ის.
მთავრობის გეგმით, ვებპორტალის შემდგომი განვითარება საუკეთესო შემოთავაზებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას სხვადასხვა სამაუწყებლო და სატელევიზიო ფორმატებში, ასევე სპეციალური მობილური აპლიკაციის შექმნას ითვალისწინებ.
ია ნადირაშვილი იმედოვნებს, რომ პორტალის გაშვება მხოლოდ საწყისი ეტაპია და ის მომავალში მეტად მოერგება მომხმარებლის საჭიროებებს.
"არ ვიცი, რა გეგმებია ამ პლატფორმასთან მიმართებით, თუმცა ვიმედოვნებ, ეს არის დასაწყისი და უფრო მეტად გახდება მომხმარებლისთვის მარტივი ფუნქციებით აღჭურვილი. თუმცა, ბიზნესი ყოველთვის უფრო მეტად ახლოს დგას მომხმარებელთან და უფრო სწრაფად რეაგირებს მათ მოთხოვნებზე," - აცხადებს ია ნადირაშვილი.
საქართველოში ფასდაკლებული პროდუქტების სამთავრობო პორტალი ekalata.gov.ge ფასების საპარლამენტო კომისიის დასკვნის შესაბამისად ჩაირთო. ვებსაიტი ამ ეტაპზე 12 სუპერმარკეტის ფასდაკლებული პროდუქტების ნუსხას აერთიანებს. პლატფორმის დამზადება 53 ათასი ლარი დაჯდა და აღნიშნული თანხა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. დადგენილი წესით, პროგრამაში ჩართული ქსელები ვალდებულები იქნებიან, სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ, რომელიც საინფორმაციო პორტალზე პროაქტიურად განახლდება.




























