მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე გალდავამ საერთაშორისო კონფერენციაში „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა“ მიიღო მონაწილეობა

ეკა გალდავა
20.11.24 19:55
611
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სახელწოდებით - „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა“, რომელიც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით წელს მესამედ იმართება. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე გალდავამ აღნიშნა, მსგავსი ტიპის ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისთვის, ასევე, მომხმარებელთა ფინანსური განათლების დონის ამაღლებისთვის.

კონფერენციის მონაწილეებს ეკატერინე გალდავამ ის პროგრესი გააცნო, რომელსაც სებ-მა ბოლო წლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების ამაღლების მიმართულებით მიაღწია.

მისი თქმით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან მიახლოებისა და მომხმარებელზე მორგებული გარემოს დანერგვის მიზნით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტს გასულ წელს საბაზრო ქცევის ზედამხედველობის მიმართულება დაემატა. ის რისკებზე დაფუძნებული ზედამხედველობის განხორციელებასა და ამ მიმართულებით არსებული საბაზრო პრაქტიკების მონიტორინგსა და ანალიზს უზრუნველყოფს.

„აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტი მუდმივად ზრუნავს საფინანსო ბაზარზე საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაზე, ასევე, ყოველდღიურად ვიღებთ მომხმარებლების მომართვებს და ვცდილობთ, ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში მოვახდინოთ სათანადო რეაგირება. ამასთან, ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ მზარდია სებ-ში მომხმარებლების მომართვიანობის ტენდენცია, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ გადადგმული ნაბიჯები კარგად აისახება მომხმარებლების ცნობიერების ზრდაზე. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ წლების განმავლობაში საფინანსო სექტორში გაიზარდა როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტი, ასევე, მათი ფინანსური განათლების დონეც. თუმცა, რა თქმა უნდა, მომავალში კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა გასაკეთებელი. მათ შორის, მუშავდება საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგია, ამასთან, საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის მიზნით, ვგეგმავთ მომხმარებლებზე მორგებული პროდუქტებისა და მომსახურებების ჩარჩოს შექმნას. ასევე, მეტი ყურადღება დაეთმობა მეწარმე ქალების ფინანსური ჩართულობის ზრდას“, - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.

„მისივე ინფორმაციით, მომხმარებლების უფლებების მეტად დაცვის მიზნით, 2023 წელს შეიქმნა სებ-თან არსებული დავების განმხილველი კომისია და საჩივრების მიღება დაიწყო 2024 წლიდან. კომისია საგადახდო მომსახურებების/გადახდების სფეროში უზრუნველყოფს დავების განხილვის ალტერნატიულ მექანიზმს, რომელიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის დირექტივას - PSD2-ს. კომისია განიხილავს დავებს, რომლებიც უკავშირდება ბარათით, ინტერნეტ და მობაილ ბანკიდან და სხვა განხორციელებულ არაავტორიზებულ (მომხმარებლის თანხმობის გარეშე) ოპერაციებს. დასრულებული დავებისა და მომხმარებლებისთვის ანაზღაურებული თანხის მხრივ კომისიას საკმაოდ წონადი შედეგები აქვს.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა - ლაშა გზირიშვილმა, ამავე დეპარტამენტის საბაზრო ქცევის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა - ნათია ჭყონიამ და იურიდიული დეპარტამენტის კონკურენციის განყოფილების უფროსმა - სოფიო მომცემლიძემ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები