ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოსახლეობის მხრიდან სასწრაფო დახმარების მედიკოსებისადმი ობიექტური კრიტიკა მისაღებია, თუმცა დესტრუქციული ჯგუფებისგან წამოსული ნეგატივი - არა.
ამის შესახებ ტიკარაძემ პარლამენტში, 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის პროგრამას და მიმდინარე წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
„მედპერსონალის საქმიანობის ნაწილში, მინდა, ყურადღება გავამახვილო გადაუდებელი დახმარების ექიმებზე, რომლებიც შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უმოკლეს დროში ახერხებენ რეაგირებას მოქალაქეების დასახმარებლად. 2020 წლის 1 იანვრიდან გადაუდებელი დახმარება გაეწია მილიონ 200 ათას ადამიანს. სასწრაფოს დაგვიანება არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი, რაზეც მინდა ვთქვა, რომ როცა ობიექტური კრიტიკა მოდის მოსახლეობიდან, მე ვარ სოლიდარული, თუმცა როცა მიზანიმართული ნეგატივი მოდის დესტრუქციული ჯგუფებიდან, ყველამ უნდა გავიხსენოთ, თუ რამდენად დიდი შრომის ფასად უწევს სასწრაფოს ექიმებს პანდემიის სირთულეებთან გამკლავება.
დღეისთვის მნიშვნელოვნად არის შემცირებული სასწრაფოს გამოძახებაზე რეაგირების დრო და გამოძახების დაყოვნების მაჩვენებელი. გამოძახებაზე საშუალო ლოდინის დრო წინა პერიოდში იყო 1 საათი და 20 წუთი, ხოლო დღეს უკვე ეს დრო 20 წუთამდეა შემცირებული. ჩვენი პრიორიტეტია გადაუდებელი დახმარების სამსახურის გაუმჯობესება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, გადაუდებელი დახმარების ხელშესაწყობად არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, ხოლო მომავალ წელს კიდევ განსაზღვრულია 1.5 მლნ ლარი, რაც სამედიცინო პერსონალის დაზღვევას უზრუნველყოფს.




























