"საქართველოში გამოჯანმრთელებულების მაჩვენებელი 83%-ია, რაც ეპიდემიოლოგიური კუთხით საკმაოდ კარგი მაჩვენებელია“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და covid-სტატისტიკაზე ისაუბრა.
„დღეის მდგომარეობით, 10 ათასამდე ტესტი ჩატარდა და გამოვლენილი იქნა 2501 დადასტურებული შემთხვევა. შაბათ-კვირას საკმაოდ დაბალი აქტივობაა, რაც ტესტირების კომპონენტში აისახება. გამოვლენის მაჩვენებელი დღეს გვაქვს 25%, როდესაც 37%-ს აღემატებოდა“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე 15 204 პირი გადის, რაც ონლაინ კლინიკის ეფექტური მუშაობის შედეგია. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საწოლფონდის ბრუნვა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროცესში დამატებითი გუნდია ჩართული, რომელიც კონტროლს ადგილზე ახორციელებს.
„საწოლფონდის ბრუნვა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ პროცესში ჩართულია არაერთი დამატებითი გუნდი იმისთვის, რომ ადგილზე კონტროლი შევძლოთ - საჭირო და არასაჭირო სტაციონარიზაციის იდენტიფიკაციისთვის, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.




























